რუსეთი მზად არის განაახლოს საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან, მაგრამ ამას ქართული მხარის თანხმობა სჭირდება-კარასინი

ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო, – ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით.
რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისთვის მზადაა, თუმცა ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო. ამის შესახებ სააგენტო РБК-სთან საუბარში განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
„ჩვენ, ბუნებრივია, ამაზე ვმსჯელობთ, მოსაზრებებს ვცვლით, მაგრამ არსებობს ასეთ გამოთქმა: ტანგოს ორი სჭირდება და თუ დუეტის ერთ მონაწილეს ეჭვი ეპარება, ძალდატანება არაა საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, – განაცხადა კარასინმა.
კარასინი 2012 წლიდან თბილისთან არაფორმალური დიალოგის მექანიზმში მოსკოვს წარმოადგენს, ქართული მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.
რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს განაცხადა. ამავე დროს, ის აქებდა საქართველოს მთავრობას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა. ლავროვს, მართლმადიდებელი კომუნისტი დეპუტატის, გავრილოვის განცხადება მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ დიპლომატიური ურთიერთობებიც უნდა აღდგეს.
პარტია „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რუსეთის მიერ 2019 წელს ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვეტილი ავიამიმოსვლის განახლების წინააღმდეგ გამოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღდეგია და ამბობს, რომ როდესაც ჩვენი პარტნიორები უკრაინის გვერდით დგანან, საქართველოს მთავრობის პოზიცია გაუგებარია.