პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე ვიდეოკავშირის მეშვეობით აჩვენა, რა მდგომარეობაში იმყოფება. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მისი გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების სხდომას ესწრება.
საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი სააკაშვილისთვის პატიმრობის შესაძლო გადავადების ან მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.
სააკაშვილი, რომელიც თბილისის კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, ამჟამად სარეანიმაციო განყოფილებაში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
შარშან მაისში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცვლილებები შეიტანა თავისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებულებაში და უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა მიხეილ სააკაშვილს.
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს, 1 თებერვალს, სასამართლო პროცესზე კლინიკა “ვივამედიდან” ჩაერთო. მისი სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე მან რამდენიმეწინადადებიანი მიმართვა წაიკითხა.
“მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა და კრეატიული… ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის… თუ საჭიროა…” – ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ფრაგმენტი, მისი ნათქვამის გარჩევა შეუძლებელი იყო, ტექნიკური პრობლემების გამო.
მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის მეორე ნაწილი უკრაინულ ენაზე წარმოთქვა, რასაც თარჯიმანი ქართულ ენაზე თარგმნიდა.
“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მაგრამ თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას”, – თქვა სააკაშვილმა.
თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად, ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა მაისური აიწია.
როგორც კომპიუტერის ეკრანზე ჩანდა, მოსამართლემ ვიდეოგამოსახულების ფანჯარა ჩახურა, სააკაშვილის კი მიმართა, რომ ჩაეცვა. რამდენიმე წამში მოსამართლემ ვიდეოგამოსახულების ფანჯარა კვლავ გახსნა, თუმცა იმ მომენტისთვის მხოლოდ ჩაბნელებული ეკრანი ჩანდა. სხდომა სააკაშვილის ადვოკატის თანხმობით, მოწმის გამოკითხვით გაგრძელდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა “ვივამედშია”. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე.
პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამერიკელ იურისტებთან ერთად მუშაობენ სიაზე, რომელსაც შემდეგ “მაგნიტსკის აქტის” ავტორს, ბილ ბრაუდერს, გადაუგზავნიან. ამ სიაში შევლენ ისინი, ვინც პატიმრობის დროს აფერხებდა ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის სავარაუდო მოწამვლასა და წამებაში.
თუ პაციენტი [მიხეილ სააკაშვილი] წონაში კლებას გააგრძელებს და 52 კილოგრამზე ქვევით ჩამოვა, მოკვდება, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის წონის ასეთი ტემპით კლება „ძალიან ცუდია“.
„თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და მასის ინდექსი 14-ზე ჩამოვა, ანუ წონა 52 კილოგრამზე ქვევით ჩამოვა, მოკვდება. როდესაც ჩვენ ეს ინდექსი ვნახეთ, 20 თუ 21 იყო“,- განაცხადა თენგიზ წულაძემ.
ამასთან, წულაძემ უპასუხა ადვოკატის კითხვას, შეაფასებს თუ არა სააკაშვილის მდგომარეობას როგორც მძიმეს და აღნიშნა, რომ „სადაც სიტყვა კახექსიაა, იქ მდგომარეობა მძიმეა“.
„კახექსია დემენციაზე უფრო მძიმეა. ჩვენ დავთვალეთ კალორაჟი და ვნახეთ, რომ 400 კალორიას იღებდა. სასიცოცხლო ფუნქციები რომ შევინარჩუნოთ, მისთვის 1100 კალორიაა აუცილებელი. თუმცა ზოგადად, მაგ კომპლექციის მქონე ადამიანმა 1800-2000 კალორია უნდა მიიღოს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.
6 დეკემბერს გამოქვეყნებულ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-4 ხარისხის კახექსია დაუდგინდა და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.