მნიშვნელოვანისიახლეები

“ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პროცესებს სიმულაციას უწოდებს

“ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პროცესებს სიმულაციას უწოდებს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, სასამართლო სხდომაზე ჩართვით დადასტურდა, რომ ექსპრეზიდენტს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა არ ესაჭიროება, მისი ქმედებები კი მხოლოდ სასჯელისგან თავის არიდებას ემსახურება.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ექსპრეზიდენტზე დაწერილ სტატიებს მის მოწამვლასთან დაკავშირებით, პიარ თაღლითობას უწოდებს.

“როგორ შეიძლება, რომ მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიდიოდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი არ ექვემდებარება მკურნალობას. უარს აცხადებს მკურნალობაზე და უფრო მეტიც, არა თუ მკურნალობაზე, ექსპერტიზაზე აცხადებს უარს. კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული, უფრო მეტიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს და რა საკვირველია იქ ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება სხვა ძვალიც გამოჩნდეს.

მაგრამ ეს ყველაფერი იკრიბება ერთ დიდი კალათაში, რომელსაც ჰქვია პიარ თაღლითობა, რაშიც არის უშველებელი თანხა გადახდილი და გადახდილი თანხის სანაცვლოდ იბეჭდება სტატიები, რომ ადამიანი მოწამლულია, რომელიც ექსპერტიზაზე აცხადებს უარს, რა შედეგი შეძლება იყოს პასუხად, ნებისმიერი ადამიანისაგან, რომელიც ელემენტარული ანალიზის უნარს ფლობს, რა საკვირველია მე არ ვლაპარაკობ ხაბეიშვილზე,”-აცხადებს გიორგი ვოლსკი.
რასაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ის, რომ ჩვენი სამედიცინო რესურსი საკმარისია არათუ გადაარჩინოს მისი სიცოცხლე, არამედ ძალიან მოკლე ხანში გამოაჯანმრთელოს და ფეხზე დააყენოს – თუკი ვაჟკაცია, გაუძლოს დამსახურებულ სასჯელს და პოლიტიკურ ასპარეზზე შემდეგ გამოვიდეს! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, ის, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო ხდება, ბოროტული პიარ-გეგმის ნაწილია, რაც იმით უნდა დაგვირგვინდეს, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს, ხელისუფლება შეიცვალოს და მეორე ფრონტი გაიხსნას.

მისივე განცხადებით, ადამიანი უნდა იყოს ბრმა ან მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ ეს ვერ დაინახოს.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ კითხვებს ბადებს მოვლენათა ისეთი განვითარება, როცა ერთი დღით ადრე სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვენ, ხოლო მეორე დღეს სასამართლო პროცესს პირდაპირ ეთერში ერთვება.

“წინა დღეს კონკრეტული პაციენტი ითხოვს მისი სავარაუდო, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო რეანიმაციის განყოფილებაში გადაყვანას, ხოლო 24 საათში თავისივე ნებით ერთვება სასამართლო პროცესს და იქ გამოხატავს თავის პოზიციებს. ცხადია ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სწორედ პოლიტიზების ის ზღვარი, სადაც მავანი ცდილობენ, რომ პატიმარი სააკაშვილი დაიხსნან სამართლიანი და სამართლებრივად სწორი განაჩენებისგან, იწვევს იმ საბოლოო შედეგებს, სადაც ტყუილი და არასწორი ინფორმაცია მარტივად მჟღავნდება,”-აცხადებს მათიკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრული, 100%-იანი სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვისი კონტროლის ქვეშაც პატიმარი იმყოფება – ეს არის სახელმწიფო! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ვერავისზე გაყოფა და დანაწილება ვერ მოხდება.

„ქართული ოცნება“ იმას ხედავს, რისი დანახვაც მას უნდა. მათივე ენით რომ ვთქვა, ეს მათი აღქმებია, მაგრამ სამედიცინო სფეროს პროფესიონალები სხვა რამეზე საუბრობენ. რაც შეეხება იმის, თუ რა უნდა მოხდეს და რა არის სწორი მოქმედება, ძალიან დიდი ხანია ვამბობთ, რომ პაციენტი მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე მაისური აიწია იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ გამოიყურება ფიზიკურად.

მსგავსი პოსტები

Back to top button