მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე-\ბორელი

რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე, რადგან ბლოკირებული აქვს უკრაინის პორტები, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მისივე თქმით, ევროკავშირში შემოიღეს სანქციები, რათა რუსეთს ომის გაგრძელებაში ხელი შეუშალონ, თუმცა შეზღუდვები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და მათ ტრანსპორტირებას, ამიტომ ხორბალი სანქციებში მოყოლილი არ არის.

ევროპელი დიპლომატი დეზინფორმაციას უწოდებს რუსეთის განცხადებებს, რომ გლობალურ სასურსათო კრიზისს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები იწვევს.

„აგრესიის ომები დაუშვებელია. ევროკავშირის სანქციები მიმართულია რუსეთის შესაძლებლობის წინააღმდეგ, აწარმოოს ომი. ისინი არ არის მიმართული ხორბლის წინააღმდეგ. სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მათი ტრანსპორტირება ცალსახად გამონაკლისია. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების მიმდინარე ბლოკადა შეუძლებელს ხდის მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში, უკრაინაში ჩარჩენილი ტონობით მარცვლეულის ექსპორტს, მათ შორის სიმინდისა და ხორბლის. რუსეთი პირდაპირ არის პასუხისმგებელი საერთაშორისო ვაჭრობაში მარცვლეულის ნებისმიერ დეფიციტზე და თავისი აგრესიის დასრულების სანაცვლოდ, აქტიურად ცდილობს, პასუხისმგებლობა საერთაშორისო სანქციებზე გადაიტანოს. ეს არის დეზინფორმაცია“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირი გააგრძელებს სოლიდარობის დემონსტრირებას მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად ომის შედეგებთან გასამკლავებლად.

„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში შედის. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button