მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი “წითელი ჯვრისგან” დახმარებას ითხოვს

რუსეთის რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხებში, ტატიანა მოსკალკოვა „წითელ ჯვარს“ მიმართავს უკრაინაში რუსი სამხედრო ტყვეების დასაცავად.

რწმუნებულის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსკალკოვამ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ პრეზიდენტ პეტერ მაურერს და უკრაინაში „წითელი ჯვრის“ მისიის ხელმძღვანელ ფლორანს ჟილეტს სთხოვა თანადგომა რუსი სამხედრო ტყვეების ადგილსამყოფლის დასადგენად და მათი უფლებების დაცვის, მათ შორის სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.

უკრაინაში საომარი მოქმედებებისას ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროების რიცხვი უცნობია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის სამხედრო ძალების პირად შემადგენლობაში არსებული სავარაუდო დანაკარგების შესახებ, თუმცა, არ უთითებს ამ დანაკარგებში შედის თუ არა როგორც მოკლული და დაჭრილი, ისე ტყვედ აყვანილი სამხედროების რიცხვი.

მალსაკოვა, ასევე მიმართავს უკრაინის ომბუდსმენს, ლუდმილა დენისოვას და მოუწოდებს, მიიღოს ზომები დატყვევებული რუსი ჯარისკაცების წამების თავიდან ასაცილებლად.

“მოსკალკოვამ თხოვნით მიმართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტს, პიტერ მაურერს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის ხელმძღვანელს უკრაინაში, ფლორენს ჟილეტს, რათა დაიცვან უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედროების უფლებები, დაეხმარონ მათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში და უზრუნველყონ მათი უფლებები საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის სამედიცინო დახმარების უფლებით“, – წერია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დღეს, 4 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან, რუსული სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 9166-ია. უკრაინა საკუთარი დანაკარგების შესახებ არაფერს იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ, 2 მარტს გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, რომელთა თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 498 რუსი სამხედრო და დაჭრილია 1597. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს ისიც განაცხადა, რომ მოკლულია 2870-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, დაჭრილია დაახლოებით 3700 და ტყვედ აყვანილია 572.

დამოუკიდებელი წყაროებით როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მიერ გავრცელებული ამ ცნობების გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტყვედ ჩავარდნილ რუს ჯარისკაცებს, კიევში ჩასვლის შემთხვევაში დედებს გადასცემენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button