ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები თბილისში აქციას მართავენ

ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები მეორე დღეა, თბილისში აქციას მართავენ. მათ 20 ივნისს პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის” სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცული მაღაროელები კვლავ პარლამენტთან გეგმავენ დაბრუნებას.
როგორც მაღაროელები ამბობენ, ეს მხოლოდ მათი პრობლემა არაა და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ
„ყველას, ვისაც მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე გული შესტკივა, შემოგვიერთდით”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მაღაროელებმა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ხელფასის 40%-ით ზრდას ითვალისწინებდა, მოლაპარაკების შედეგად შეამცირეს და ამჟამად 20%-იან მატებაზეც თანახმა არიან.
„ვითხოვთ, რომ თითოეული მაღაროელი ჩათვალონ ღირსეულ ადამიანად. გვაქვს მიზერული მოთხოვნები, რომლებზეც 2019 წელსაც ვსაუბრობდით და მაშინაც მოგვატყუა კომპანიამ. ჩვენი მოთხოვნებია ხელფასის მატება 20 პროცენტით, ნორმალური, სუფთა ქალაქი და სამედიცინო დაზღვევა. ხელფასის 5-პროცენტიანი მატება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციები მოთხოვნების საბოლოო შესრულებამდე გაგრძელდება.
„ჩვენ კვლავ ვბრუნდებით პარლამენტთან, ჩვენი ხმა უნდა გაიგოს იმ ხალხმა, ვისაც მანდატი მივეცით, ვინც ავირჩიეთ. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ადამიანის შრომის უფლება“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
რამდენიმე ათეული გაფიცული მაღაროელი ჭიათურიდან დედაქალაქში 19 ივნისს ჩამოვიდა. ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს აქვთ ტრანსპარანტები: „ამოკერილი თვალითაც გხედავთ”, „ამოკერილი პირითაც ვიტყვით სიმართლეს”. ჭიათურაში მაღაროელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სწორედ პირი და თვალები ამოიკერა.
როგორც მაღაროელები აცხადებენ, თბილისში ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ მათი პრობლემა გასცდეს ჭიათურის ფარგლებს. მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დარჩებიან დედაქალაქში და გააგრძელებენ შიმშილობას.
გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:
2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
ულუფის გაუმჯობესება;
უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ. ამას წინ უსწრებდა თანამშრომელთა მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვა: შიმშილობის დაწყება, თვალებისა და პირის ამოკერვა.
კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.
რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ კომპანიამ ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების, ხელფასების ხუთი პროცენტით გაზრდის, აუდიტის ჩატარებისა და ერთობლივი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის თქმით, ცდილობენ კრიზისის დაძლევის გზების პოვნას და არის მზაობა, მოწვეული იქნას დამოუკიდებელი აუდიტორი, შეისწავლონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, აქვს თუ არა დამატებით ხელფასის 15-პროცენტიანი ზრდის რესურსი. ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ ხელფასის დამატებით 15-პროცენტიანი მატება წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი დოლარია. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ლაშა თუთბერიძის თქმით, ჭიათურაში ზარალის საპროგნოზო მაჩვენებელი ამ მომენტისთვის არის 12 მილიონი დოლარი და 10 მილიონი დოლარით ხელფასის მომატების მოთხოვნა ალოგიკურია.
შეგახსენებთ, უკვე მე-15 დღეა, რაც მაღაროელები საპროტესტო აქციებს მართავენ. მე-9 დღეა მათი ნაწილი შიმშილობს. ნაწილმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართა – ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები, ხოლო მეორემ პირი ამოიკერა. ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულმა გაფიცულებმა გუშინ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და ღამე იქ გაათენეს. მოთხოვნები უცვლელია – სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის გაზრდა.