მნიშვნელოვანისიახლეები

“რუსეთიდან ნაკარნახევი”-სუსის განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ბაჩა მგელაძის ცნობით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი, საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს.
ამასთან დაკავშირებით შეფასებები უკვე გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი სუსი-სგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ითხოვს, ნაწილი კი ვერაფერს გამორიცხავს და თვლის, რომ თუ რეალურად არსებობს დანაშაული, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

რომან გოცირიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ გარედან არაფერი არ იგეგმება, თუმცა თუ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღო, ხელისუფლებას ხალხი არ აპატიებს.
“საქართველოს ისტორიაში არნახული რაოდენობის ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მშვიდობიანი მოთხოვნით, თხოვნით თუნდაც, როცა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არ იწყებდა ხელისუფლება და როდესაც მიმართეს, რომ საქართველო არ ჩამორჩეს ევროინტეგრაციის პროცესს. ზოგიერთი ინფორმაციით, ქუჩაში იყო 150 000-დან 170 000-მდე ადამიანი, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. ეს ხალხი კი არ გამქრალა, რა თქმა უნდა, ქუჩაც იქნება, კარვებიც იქნება, ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის ქუჩაში გამოსვლა იქნება, საპროტესტო აქციებიც იქნება, კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის ტალღა მოჰყვება, თუ ეს პროცესი ჩავარდა. რა მოთხოვნები იქნება, მთავრობის გადადგომა, რიგგარეშე არჩევნები, თუ სხვა და ა.შ. ამას გვაჩვენებს დრო”, – ამბობს გოცირიძე.
დეპუტატის შეფასებით, სუს-ის ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ დარჩენილი დროის განმავლობაში ხელისუფლება რეკომენდაციების შესასრულებლად არაფრის გაკეთებას არ აპირებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ორგანიზაცია CANVAS-ის დირექტორი გიორგი მელაძე “გადატრიალების” გეგმის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ორგანიზაცია CANVAS-იც არის ნახსენები.
სუს-ის განცხადებაში CANVAS ნახსენებია როგორც ორგანიზაცია, რომელიც “რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება”.
მელაძე წერს, რომ CANVAS არანაირ გადატრიალებას არ გეგმავს და სუს-ის დღევანდელი განცხადების ერთადერთი მიზანი “აქტიური ადამიანების დაშინებაა”.
“სუს-ი ლაპარაკობს გადატრიალებებზე… რასაც ყოველთვის აკეთებს და ამჯერად ამ ყველაფერში ამატებს ორგანიზაცია კანვას-ს.
კანვას საქართველო-ს დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ. განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება!
პირადად ჩემს წინააღმდეგ განცხადება გავრცელდა გაზაფხულზე. განცხადების ავტორი იყო კობახიძე და მაშინაც “ექსტრემისტი” მეძახა. ბოლო 20 წელია უამრავ ჯგუფთან და აქტივისტთან მიმუშავია და ჩემთვის ძვირფასი საქმეა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ადამიანებთან ერთად ფიქრი და მოქმედება უკეთესი მმართველობის სისტემების შესაქმნელად.
რასაც სუს-ი აკეთებს დღეს, ასეთი განცხადებები მომისმენია ავტორიტარული სახელმწიფოებისგან. მიუხედავად ყველაფრისა, მე გავაგრძელებ ჩემ საქმეს, არაძალადობრივი კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებას!”, – წერს მელაძე Facebook-ზე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ “კონტროლდება პირდაპირ ფარცხალაძის და რუსეთის მიერ”. ვაშაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “სუსულელესა და აბსურდს” უწოდებს.
ვაშაძის თქმით, ოცნება დღეს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენასა და ფარცხალაძესთან კავშირში მყოფი ადამიანების თანამდებობიდან ჩამოშორებაზე უნდა მუშაობდეს, ამის ნაცვლად კი, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ებრძვის.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღევანდელი განცხადებით პირდაპირ დაადასტურა, რომ არა მხოლოდ პროკურატურა, არა მხოლოდ ფინანსური პოლიცია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც კონტროლდება პირდაპირ ფარცხალაძის და რუსეთის მიერ. დღეს ეს ადამიანები, როცა საზოგადოება ელოდება რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენას, სანქცირებულია ფარცხალაძე რუსეთის ინტერესების გატარებისთვის და ჯაშუშობისთვის აშშ-ის მხრიდან, ამ ფონზე, ამ სისულელეს და აბსურდს ავრცელებს, რისი ერთადერთი მიზანიც არის, რომ ვისაუბროთ ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ საქართველოში მოქმედებს რუსული ჯაშუშური ქსელი.
ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ფარცხალაძის და რუსეთის დაკვეთას ასრულებს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. […] დღეს, როცა ყველა სამუშაო უნდა იყოს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე, ფარცხალაძესთან დაკავშირებული ადამიანების თანამდებობიდან ჩამოშორებაზე, რეკომენდაციების შესრულებაზე, ამ დროს, ისევ და ისევ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან, ქართველ ხალხს. ზღაპრებს თხზავენ იმისათვის, რომ საქართველო დაუქვემდებარონ თავიდან ბოლომდე რუსეთს. ფარცხალაძე არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი იმ რუსულ ჯაშუშურ ქსელში, რომელიც მოქმედებს ქართული ოცნების ხელდასმით აქ”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი “გადატრიალების” გეგმის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება და მას “რუსეთიდან ნაკარნახევს” უწოდებს.
ამასთან, მამულაშვილი სუს-ის განცხადებას უკრაინაში ლეგიონის საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ “ქართული რუსული ხელისუფლება” ამით მათ დისკრედიტაციას ცდილობს.
“ეს არის პირდაპირ ნაკარნახევი რუსეთიდან და დაკავშირებულია, პირველ რიგში, ჩვენს საქმიანობასთან – ლეგიონი გახლავთ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი “შემაწუხებული” ფაქტორია, რადგან ძალიან ბევრი რუსი კვდება ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით. მე არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მიმართული და განზრახული იყოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩამოდიან საკუთარი ოჯახების სანახავად.
როგორც იცით, რუსეთში ქართული ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა, რუსეთმა ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯა. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდის. ასე რომ, მგონია, ეს არის სუფთად რუსული ხელწერა, საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ამით ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს”, – აცხადებს ის.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასერიოზულია.
ბეჟაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანია არა კანდიდატის სტატუსი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება.
„სუს-მა საზოგადოებას ჯერ იმ გამოძიების შედეგები მოახსენოს, 2014 წლიდან ყველა არჩევნებზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით რომ დაიწყო, როცა რევოლუციისთვის გამოსაყენებლად საბურავებს ეძებდნენ. ეს მორიგი ბრიფინგი მართლა სასაცილოა. გვყავს ხელისუფლება, რომელიც თანამდებობებს ჩაბღაუჭებულია და მათი მიზანია არა კანდიდატის სტატუსი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება. ეს განცხადება სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, რადგან არც საფუძველი აქვს და არც ძალა. მათი ერთადერთი მიზანია, თავი დაიზღვიონ სტატუსთან მიმართებით და საკუთარი პარანოია-შიშით მოქმედებენ. საზოგადოება ხელისუფლებას სამართლიანად მოსთხოვს პასუხს სტატუსის მიღების ჩაგდებულ პროცესზე“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, “სუს-ში ბევრი იფიქრეს როგორ გადაეფარათ ფარცხალაძის სკანდალი და მოიფიქრეს ეს ამბავი”.
“სერიოზულად ამის კომენტირება წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, სუს-ში ბევრი იფიქრეს, როგორ გადაეფარებოდნენ ფარცხალაძეს და როგორ გადაეფარათ ეს სკანდალური თემა და მოიფიქრეს ეს”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ასეთი განცხადების შემდეგ, სუს-მა უნდა აჩვენოს საზოგადოებას საიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი და თუ რაიმე გამოსაძიებელია – უნდა გამოიძიონ.
“რადგან ამ განცხადებას აკეთებენ, მაშინ საზოგადოებას უნდა აჩვენონ საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი და თუ რამე გამოსაძიებელია, რა თქმა უნდა უნდა გამოიძიონ ეს ყველაფერი და თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, ეს პირები უნდა დაისაჯონ. მე ვერ გეტყვით ეს ყველაფერი პრევენციულია თუ არა. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თუ დანაშაული მზადდება ან თუ დანაშაული ჩადენილია, ამას სჭირდება გამოძიება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

სრული ბოდვა, – ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე სუს-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფები და პირები, მათ შორის ის, საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ.

როგორც ლორთქიფანიძის ადვოკატი შოთა კახიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, ყოფილი მაღალჩინოსანი 8 წელია, რაც ქვეყანაში არ იმყოფება, შესაბამისად, მას ქართულ პოლიტიკასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია და არც არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს.

„სრული აბსურდია სუს-ის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება და მასში მოყვანილი ე.წ. ფაქტები, თითქოს, გიორგი ლორთქიფანიძე დასახელებულ პირებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ამის მიღმა არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს და სუს-ს არ წარმოუდგენია. წარსულში არაერთხელ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები. გახსოვთ ალბათ, ე.წ. საბურავების თემა, თითქოს, საბურავებით აპირებდა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა რევოლუციას, თუმცა, ამის მიღმა რამე სახის მტკიცებულება ხელისუფლებას საზოგადოებისთვის არ წარუდგენია. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები პასუხებს სცემდნენ კითხვებს, თუ რა საგამოძიებო, ან საპროცესო მოქმედებები განხორციელდა ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდა, მსგავსი შინაარსის განცხადებას ვისმენთ რევოლუციასთან და სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, რაც სრული აბსურდია.

გიორგი ლორთქიფანიძე წარსულშიც არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური დევნისა და ცრუ ბრალდებების მსხვერპლი. ის სისხლის სამართლის ორ საქმეზე პოლიტიკური ნიშნით იდევნება ქართული ხელისუფლების მხრიდან. 8 წელია ქვეყანაში არ ყოფილა, მას ქართულ პოლიტიკასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. შესაბამისად, მას რაიმე სახის პოლიტიკური მიზანი საქართველოში არ გააჩნია, ის 24-საათიან რეჟიმში დაკავებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციას ებრძოლოს, ომშია ჩართული“, – განაცხადა კახიძემ.

კითხვაზე, თუ რას აცხადებს თავად გია ლორთქიფანიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ამ განცხადებაზე, ადვოკატი ასე პასუხობს:

„სრული აბსურდი უწოდა სუს-ის მიერ გავრცელებულ ამჟამინდელ განცხადებას. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ამ განცხადებაზე მისი და ჩემი რეაქციაც ასეთი იყო – როგორც ჩანს, ქართული ხელისუფლება უკვე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღება და თვლის, რომ ეს ფაქტი ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილში ლეგიტიმურ პროტესტს გამოიწვევს და რაღაც პროაქტიული განცხადებით, ჯერ არშემდგარი აქციის დისკრედიტაციას ახდენენ. ლორთქიფანიძე განცხადებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს გამორიცხავს, არანაირი შემხებლობა არ გააჩნია ამ ფაქტთან და ამ განცხადებას სრული ბოდვა უწოდა. არანაირი საერთო მას ქართულ პოლიტიკასთან არ გააჩნია, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მიზანი თუ ამოცანა მას არ აქვს“, – განაცხადა კახიძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში სუს-მა კონკრეტული მტკიცებულებებიც გამოაქვეყნოს, მათ შორის, აუდიოჩანაწერები, ადვოკატი ასე პასუხობს:

„ამდაგვარი ჩანაწერები სუს-ს რომ ჰქონდეს, ბრიფინგს ამით დაიწყებდა. ბატურინზე განაცხადა, რომ სულ 3-ჯერ მყავს ნანახიო, არანაირი კომუნიკაცია მასთან არ აქვს, შესაბამისად, ვერანაირი ჩანაწერი ვერ იარსებებს. განცხადებაში მოყვანილ ბოდვასთან გიორგი ლორთქიფანიძეს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. თუ იმას მეკითხებით, შეიძლება თუ არა, გიორგი ლორთქიფანიძე მორიგი ბრალდების მსხვერპლი გახდეს, ამ ხელისუფლების პირობებში, არაფერია გამორიცხული“, – განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button