მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის ჯარებმა კამიკაძე დრონებით დაბომბეს უკრაინის ტერიტორიები

2 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა მოიერიშე კამიკაძე დრონებით განახორციელეს იერიშები უკრაინის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებში, იტყობინებიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები.

„13 ჭურვიდან თორმეტი [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის მიერ იქნა განადგურებულ ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში,“ ნათქვამია შეიარაღებული ძალების მიერ „ტელეგრამით“ გავრცელებულ ცნობაში.

საჰაერო თავდაცვის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს ექვსი დრონი, ასევე ექვსი – ცენტრალურ რაიონში.

რუსეთი უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ახორციელებს დარტყმებს დრონებითა და არტილერიით უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე. ამ ფონზე უკრაინა აწარმოებს კონტრიერიშს, რომელმაც რუსეთის ჯარებს ჩრდილო-აღმოსავლეთი დაატოვებინა და უკან დაახევინა აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ ქალაქი ამზადებს გათბობის ათასზე მეტ პუნქტს იმ შემთხვევისთვის, თუკი გათბობით დედაქალაქის მომარაგების ცენტრალიზებული სისტემა მწყობრიდან გამოვა რუსეთის იერიშების შედეგად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბახმუტის დაბომბვას. ქალაქის გარშემო გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს და უკრაინის არმია წარმატებით იგერიებს რუსეთის შეტევებს.

ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრემლი ტყუის, როცა ომის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე საუბრობს. ამის შესახებ განცხადება მან ახალ ინტერვიუში გააკეთა.

“ეს ტყუილია, ისინი იტყუებიან, რომ დიპლომატიური გზით სურთ ომის დასრულება, ეს ტყუილია – გუშინ თქვეს, “ჩვენ მზად ვართ, უკრაინა არ არის მზად” და დღეს 54 რაკეტით დაგვესხნენ თავს. ავად არიან? ვერ ვხვდები, რაზე საუბრობენ. როგორ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თუ ნახევარ დღეში 54 რაკეტით გვესხმიან თავს?”, – თქვა მან.

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა კრემლის ქმედებები სხვაზე მეტყველებს. 24 თებერვლის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოითხოვა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა და გამოთქვა მზადყოფნა, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს პირისპირ, მარტო შეხვედროდა.

4 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა, რითაც უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. 11 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არ აპირებს დიალოგს რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

23 ოქტომბერს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებები არ გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button