მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მასშტაბური შეტევები მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად სრულდება ომის 384-ე დღე უკრაინაში

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ომის 384-ე დღე ტრაგიკულად გათენდა. რუსეთის თავდახმას საცხოვრებელ კორპუსზე 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა. ახლა ექიმები მათი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.

აფეთქებების ფონზე გათენდა ხარკოვის ოლქშიც. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ახლახანს დეოკუპირებულ ქალაქ ვოვჩანსკზე მიიტანეს. დღესვე, რუსეთის სამიზნე გახდა ოდესის ოლქიც, სადაც ასევე, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

თითქმის სრულად არის განადგურებული დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკაც, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება. ომამდე ხალხმრავალ ქუჩებში ახლა აღარავინ დადის. 40 000-მდე ადამიანიდან ქალაქში მხოლოდ რამდენიმე დარჩა.

ფრონტის მთავარ ხაზად ისევ ქალაქი ბახმუტი რჩება. ბრძოლა ქალაქში და მის მისადგომებთან გრძელდება. რუსი სამხედროები ბახმუტის ასაღებად შეტევებს არ წყვეტენ. არ ნებდებიან უკრაინელი ჯარისკაცები.
უკრაინის სახედრო სარდლობა ქალაქ ბახმუტის დაცვას ერთხმად ემხრობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო ხელმძღვანელობა აღმოსავლეთის მიმართულების დაცვას უზრუნველყოფს.

„ჩატარდა შტაბის სხდომა. იყო მთავარსარდლის, დაზვერვის, სამეთაურო მიმართულებების მოხსენებები. ძირითადი აქცენტი არის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცა“ და ბახმუტი. იყო მთელი სარდლობის მკაფიო პოზიცია: გავაძლიეროთ ეს სექტორი და გავანადგუროთ ოკუპანტები მაქსიმალურად. გენერალმა ტრნავსკიმ ისაუბრა ტავრიაზე. ეს არის დონეცკის რეგიონის ტერიტორიების ნაწილი, სამხედრო მოქმედებების სამხრეთ ტერიტორიების ნაწილი. გენერალმა მოსკალევმა ისაუბრა ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება „ოდესის“ ვითარებაზე. გენერალმა ნაიევმა – ჩრდილოეთის შესახებ“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულად თანამოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ ახლა სწორედ აღმოსავლეთ უკრაინაში წყდება ქვეყნის ბედი და მომავალი.

რუსეთის მასშტაბური შეტევებით და ისევ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად სრულდება ომის 384-ე დღე უკრაინაში. კრემლი დანებებას და უკან დახევას არ აპირებს. უკრაინა კი საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლას ისევ განაგრძობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button