მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მიერ დეპორტირებული 371 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა- რუსეთმა უკრაინაში სულ მცირე 483 ბავშვი მოკლა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში დაბრუნდა 371 ბავშვი, რომლებიც ომის პერიოდში რუსეთის მიერ იყვნენ დეპორტირებული.ზელენსკი მადლობას უხდის ყველას, ვინც ქვეყანას ამ გზაზე ეხმარება.

ზელენსკი ამ განცხადებით გამოვიდა უკრაინაში ბავშვთა უფლებების ცენტრის გახსნისას.

ამავე დროს, უკრაინაში ამუშავებულია გეგმა Bring Kids Back UA, რომელიც უკრაინის ხელისუფლების, პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მოქმედებს, რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების დასაბრუნებლად.

“პირველი ნაბიჯი გადადგმულია – 371 ბავშვი სახლშია, უკრაინაში”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, აღრიცხულია სულ მცირე 20 000 ბავშვი, რომლებიც რუსეთის ძალებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან წაიყვანეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 483 ბავშვი მოკლა.

“ეს 15 თვეა გრძელდება. რუსული აგრესია და ტერორი 15 თვეა ანადგურებს არა მხოლოდ შენობებს, არამედ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს – ჩვენი შვილების ფუნდამენტურ უფლებებს. უსაფრთხოების, განათლების, განვითარების, ჯანმრთელობის, დაცვის, დასვენების და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლის უფლებაა. უფლება, რომელიც რუსეთმა 483 უკრაინელ ბავშვს წაართვა.

რუსეთმა 483 ბავშვი მოკლა. მოკლა. ვერ ვიტყვით, რომ ისინი რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდნენ ან რუსული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაიღუპნენ. არა! რუსეთმა მოკლა”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ბავშვების უფლებების აღდგენა შესაძლოა მოხდეს მხოლოდ უკრაინის სამართლიანი გამარჯვებით, ყველა ტერიტორიის დეოკუპაციით, მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებში უსაფრთხოებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button