მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობი იწვის

მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, უკრაინის მოსაზღვრე დნესტრისპირეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილს განაცხადა, რომ ცეცხლი გაუხსნეს სოფელს, რომელშიც რუსეთის საბრძოლო მასალის დიდი საწყობი მდებარეობს. განცხადებაში ლაპარაკია თითქოს უკრაინიდან შემოფრენილ დრონებზე.

„წუხელ სოფელ კობასნის ცაზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს,“ აღნიშნულია დე ფაქტო სამინისტროს ვებსაიტზე. „დრონები დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე შემოვიდნენ უკრაინის ტერიტორიიდან,“ ვკითხულობთ განცხადებაში.

ეს უკანასკნელი იყო პრომოსკოვური ორიენტაციის დნესტრისპირეთის ხელისუფლების განცხადებათა სერიიდან, რომლებიც მან ბოლო დღეების განმავლობაში გააკეტა. მათ შორის, ლაპარაკი იყო რადიოსარელეო სადგურების აფეთქებებზე, დაუდგენელ თავდასხმაზე სეპარატისტთა სამხედრო შენაერთზე და აფეთქებებზე, რომლებიც სეპარატისტული რეგიონის უშიშრობის სამინისტროს წინააღმდეგ იყო მიმართული.

დნესტრისპირეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამას „ტერორისტული თავდასხმები“ უწოდეს, კრემლმა კი განაცხადა, რომ ინციდენტები „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს, რაც ბადებს მეზობელი უკრაინიდან ომის გავრცელების შიშებს.

უკრაინა აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინის მეზობელი მოლდოვის დესტაბილიზაციას ცდილობს მაშინ, როცა თავად საბრძოლო მოქმედებები უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში აქვს კონცენტრირებული.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 27 აპრილს განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქის ორი სოფელი და ორი სოფელი დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ხელში ჩაიგდეს რუსეთის ჯარებმა, რომელთა მიზანი, როგორც ჩანს, არის პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების შეერთება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმთან.

უკანასკნელ დღეებში მოლდოვის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, მომხდარი აფეთქებების სერია აჩენს შიშს, რომ ომი შესაძლოა გასცდეს უკრაინის საზღვრებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 27 აპრილს მოსკოვს ბრალი დასდო დნესტრისპირეთის გამოყენებაში მოლდოვის „დესტაბილიზაციისთვის“. თუკი უკრაინა დაეცემა, „ხვალ ჯარები კიშინიოვის ჭიშკართან იდგებიან,“ თქვა მან.

ამასობაში ევროპის კავშირმა მოსკოვს „შანტაჟში“ დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ მთლიანად შეუწყვიტა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ეს ევროპელი კლიენტებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მოკავშირეებმა მძიმე სანქციები დაუწესეს კრემლს.

მსგავსი პოსტები

Back to top button