რუსეთის შეტევა მოგერიებულია 11 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 5 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ არტილერიიდან და ტანკებიდან დაცხრილა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებული პუნქტები.
უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია რაკეტებით და ე.წ. კამიკაძე დრონებით დარტყმების საფრთხე.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ბახმუტთან. BBC-ს ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ჩამონათვალში იმ დასახლებული პუნქტებისა, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა შეტევები მოიგერიეს, არის სოფელი სტუპოჩკი. ის მდებარეობს ქალაქების, ბახმუტის და კონსტანტინოვკის დამაკავშირებელ გზაზე და უკრაინის თავდაცვის ძალების მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი კვანძია.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 3 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი და საბრძოლო მასალების 3 საწყობი
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით, ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.
რუსული ჯარები კონცენტრირებულნი არიან თავდასხმის განხორციელებაზე ბახმუტის მიმართულებით და წარუმატებლად ცდილობენ შეტევას ზაპოროჟიეს, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით. ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის რეჟიმზე იმყოფებიან კუპიანსკის, ნოვოპავლოვსკისა და ხერსონის მიმართულებით.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებითა და არტილერიით დაბომბეს სუმისა და ხარკოვის რეგიონების დასახლებული პუნქტები. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის ხუთი საკონცენტრაციო ზონა და საბრძოლო მასალის ორი საცავი დაბომბეს.
უკრაინას დასავლელმა მოკავშირეებმა ასობით ტანკი უნდა მიაწოდონ, რათა კიევმა წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა განახორციელოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საბრძოლო ტანკი უკრაინის ფრონტზე უნდა იყოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი.
„ჩვენ გვჭირდება ტანკები – არა 10-20, არამედ რამდენიმე ასეული. ჩვენი მიზანია 1991 წლის საზღვრების აღდგენა და მტრის დასჯა, რომელიც გადაიხდის მათი დანაშაულისთვის. დემოკრატიის საერთო მიზანი ავტოკრატიასთან ბრძოლაში არის სტაბილური განვითარებისა და მკაფიო მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფა. უკრაინის გამარჯვების გარეშე ეს არ მოხდება. ამიტომ, ყველა საბრძოლო ტანკი დღეს ჩვენს ფრონტზე უნდა იყოს. რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი“, – წერს ერმაკი „ტელეგრამზე“.