რუსეთმა ესტონეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ლატვია რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ამცირებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა და აღნიშნა, რომ მათ ლატვიაში რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვებისთვის ვადა 24 თებერვლამდე მისცეს.
რინკევიჩის თქმით, ეს გადაწყვეტილება ლატვიამ ესტონეთის სოლიდარობის ნიშნად მიიღო, რომელიც რუსეთმა დღეს “ტოტალურ რუსოფობიაში” დაადანაშაულა.
“უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი რუსული აგრესიისა და ესტონეთის სოლიდარობის ნიშნად, ლატვია 24 თებერვლიდან რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს კიდევ უფრო შეასუსტებს და მოითხოვს რუსეთისგან სათანადოდ მოიქცეს”, – წერს ლატვიის საგარეო მინისტრი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონელ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მან ქვეყანა მომავალ თვეში უნდა დატოვოს. საპასუხოდ, ოფიციალურმა ტალინმა ქვეყნიდან რუსეთის ელჩი გააძევა. ორივე ქვეყანას ერთმანეთის დედაქალაქებში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ეყოლება.
შეგახსენებთ, 11 იანვარს ესტონეთმა მოითხოვა, რომ რუსეთის საელჩოში დიპლომატების რაოდენობა – 21-იდან რვამდე, ხოლო ადმინისტრაციასა და ტექნიკურ სამსახურში თანამშრომელთა რიცხვი 23-იდან 15-მდე შემცირდეს. ესტონეთის საგარეო უწყებაში ამის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება პარიტეტი მოსკოვში ესტონეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობასთან.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ესტონეთმა ქალაქებში ნარვასა და ტარტუში რუსეთის საკონსულოები დახურა.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ლატვიამ და ლიეტუვამაც დაწიეს.