რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის ტერიტორიაზე ხანძარია

დონის როსტოვში “ეფესბეს” (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის) სასაზღვრო სამმართველოს კუთვნილ შენობაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა, – წერს სააგენტო “ტასსი” საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით.
სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ტერიტორიიდან შავი სქელი კვამლი ამოდის
ტელეგრამის არხის, “112-ის” მონაცემებით, ორ დაშავებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ხანძარი გაჩნდა არა უშუალოდ სამმართველოს შენობაში, არამედ – ავტოფარეხებსა და საწყობში. ხანძარი გავრცელებულია 880 კვადრატულ მეტრზე.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ ქალაქში უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
“დადგინდა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყო მოკლე ჩართვა შენობის შიგნით ელექტროსადენებში. გავრცელებულმა ხანძარმა გამოიწვია საწვავის და საპოხი მასალების შემცველი კონტეინერების აფეთქება.”- თქვა გოლუბევმა.
ხანძარი 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, რის შედეგადაც ორი კედელი ჩამოინგრა.
გოლუბევის თქმით, ერთი დაშავებული საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.. თვითმხილველების თქმით კი, ცეცხლის გაჩენამდე აფეთქების ხმა გაიგონეს. იუწყებიან, რომ ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა კვლავ ისმის, რაც, შესაძლოა, საბრძოლო მასალების დეტონაციას უკავშირდებოდეს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
დონის როსტოვში, სივერსის ქუჩაზე, სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია. ტერიტორია შემოსაზღვრულია.
„განხორციელდა ხალხის ევაკუაცია“, – იუწყება რუსული მედია.
როსტოვის ოლქი ესაზღვრება უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.