მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 297 მოქალაქეს მიენიჭა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 10 თვეში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3 297 მოქალაქეს მიენიჭა.(დაკმაყოფილდა 39,6%)

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 8 333-მა მოქალაქემ მოითხოვა, მათგან 473 მოთხოვნა წელს დაფიქსირდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2023 წელს მათზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ თანხმობა გაცემული არ არის.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრის პაატა მანჯგალაძის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლის პერიოდში, რუსეთის 5 814 მოქალაქე ითხოვდა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მიღებას. 2 491-მა ადამიანმა კი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება მოითხოვა (ყოფილი საქართველოს მოქალაქე) და მათგან 1 666-ის შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში საქართველომ მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით 8544 განაცხადი მიიღო, საიდანაც 97,5 პროცენტი მოდიოდა რუსეთის მოქალაქეებზე.

მიმდინარე წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით განხილვაშია რუსეთის 1 765 მოქალაქის მიმართვა, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 638 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 326 მიმართვა, შეჩერებულია 69 მიმართვა.
ყველაზე მეტია (1670) იმ ადამიანების რიცხვი, ვინც რუსეთის მოქალაქე იყო და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვა.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეების სტატისტიკას, 2022 წლის 10 თვეში საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის 78-მა მოქალაქემ მიიღო.(დაკმაყოფილდა 37%).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი ეთქვა უკრაინის 55 მოქალაქეს, განხილვაშია 57 უკრაინელის მიმართვა, განუხილველი დარჩა – 14 და შეჩერებულია – 3.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პარალელურად, საქართველოში გაიზარდა რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა. საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს დაწესებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button