მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 19 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ელისეს სასახლის თანახმად, მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარებით გამოწვეული რისკებით და მხარი დაუჭირა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს საექსპერტო მისიის სასწრაფო გაგზავნას ობიექტზე.

პუტინმა ამ მისიის გაგზავნაზე თანხმობა განაცხადა, აღნიშნეს საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში, სადაც დაამატეს, რომ ორი პრეზიდენტი ამ თემას უახლოეს დღეებში კვლავ განიხილავს.

კრემლის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში კიევი დაადანაშაულა, რამაც, მისი თქმით, “ფართომასშტაბიანი კატასტროფის” რისკი შექმნა.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფის ელექტროსადგურში გაგზავნის აუცილებლობაზე ორივე ლიდერი თანხმდება.

კრემლის ინფორმაციით, პუტინი მაკრონს მსოფლიო ბაზრებზე რუსული სურსათისა და სასუქი პროდუქტების მიწოდების დაბრკოლებების შესახებაც ესაუბრა.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი მაკრონსა და პუტინს შორის ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა.

ამასთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ინჟინრის განცხადებით, თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, “საშინელი ბირთვული კატასტროფა მოხდება”.

როგორც ინჟინერმა BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, ენერგობლოკს ელექტროენერგია სჭირდება, რათა სატუმბებმა იმუშაონ და რეაქტორში ბირთვული საწვავი გააგრილონ.

ინჟინერი ამბობს, რომ თუ ოკუპანტები თავდასხმით მოქმედებებს გააგრძელებენ, ელექტროსადგური შესაძლოა ელექტრომომარაგების გარეშე დარჩეს. მისივე თქმით, “ბირთვული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მინიმუმ ერთა ენერგობლოკმა მაინც უნდა იმუშაოს”.

ემანუელ მაკრონს რეგულარული ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. კერძოდ, მარტის დასაწყისში მაკრონსა და პუტინს შორის 2022 წლის განმავლობაში რიგით მეთორმეტე საუბარი შედგა. ამასთან, ამ საუბრებს შედეგი არ მოჰყოლია – პუტინს არ სურდა ლაპარაკი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაზე, ხოლო მაკრონი კი ხაზს უსვამს რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის აუცილებლობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button