მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ყველაზე ხშირად ომში რუსეთის მხრიდან უმცროსი ოფიცრები იღუპებიან

დაახლოებით 20 ბატალიონი: რა ვიცით რუსეთის დანაკარგების შესახებ უკრაინაში ომის ექვსი თვის განმავლობაში – ამ სათაურით BBC-ის რუსული ბიურო სტატიას აქვეყნებს
BBC-ის რუსული ბიურო 19 აგვისტოს მონაცემებით იუწყება რომ ღია წყაროებზე დაყრდნობით მოხდა 5702 დაღუპული რუსი სამხედროს ვინაობის დადგენა. ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად ომში რუსეთის მხრიდან უმცროსი ოფიცრები იღუპებიან.

BBC აღნიშნავს, რომ ისინი ცოცხალი ძალის დანაკარგის მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს აღრიცხავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მონაცემები შესაძლოა, 40-60%-ით ნაკლები იყოს დაღუპულთა რეალურ რაოდენობაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს ოფიციალურად მარტში გამოაცხადა “სპეცოპერაციის” დროს დაღუპულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობა, რომელიც კრემლის თანახმად, 1351-ს არ აღემატებოდა.

გასულ კვირაში New York Times-ი აშშ-ის დაზვერვისა და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის ომში ყოველდღე 500-მდე რუსი ჯარისკაცი იღუპება ან შავდება.

“შეჭრიდან ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენთვის ნათელია, რომ უკრაინაში ჩაფლავდა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურად აღების მცდელობა, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმაც,” – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს.

ჯერემი ფლემინგი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთიც და უკრაინაც კიბერთავდასხმებს ახორციელებენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად ამ შესაძლებლობას იყენებენ.

“პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიხარულის მიზეზი, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობენ რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში,” – ამბობს ჯერემი ფლემინგი.

რუსეთის დანაკარგის მიუხედავად ომი უკრაინაში უკვე 6 თვეზე მეტია გრძელდება ოკუპანტები ბომბავენ ქალაქებსა და სოფლებს, ხუთშაბათს ღამით და პარასკევს დილით რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიშები განახორციელეს უკრაინაში. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

როგორც იტყობინებიან, ხარკოვში ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა საგანმანათლებლო დაწესებულებას. ქალაქზე იერიშის შედეგად დაიღუპა ქალი. მანამდე დარტყმა განხორციელდა ხარკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იერიშები განხორციელდა ასევე ქალაქ ნიკოპოლზე, დაინგრა საცხოვრებელი შენობები. დაიღუპა ერთი ადამიანი. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ნიკოლაევში სამი რაკეტა მოხვდა ეროვნული უნივერსიტეტის შენობას.

უკანასკნელ დღე-ღამეში ყველაზე მეტი დაღუპული – 5 ადამიანი – არის უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე. რუსეთის ჯარები კვლავაც ცდილობენ იერიშების განხორციელებას ქალაქებზე სოლედარზე, სევერსკსა და ბახმუტზე. როგორც ვაშინგტონის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იტყობინება, 6 ივლისის შემდეგ პირველად რუსეთის წყაროები არ იტყობინებიან უკრაინაში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში აღებული ტერიტორიების შესახებ.

წუხელ საღამოს იუწყებოდნენ ხანძრისა და აფეთქების შესახებ რუსეთის ბელგოროდის ოლქში მდებარე ტყვია-წამლის საცავში. აფეთქებები დაფიქსირდა ანექსირებულ ყირიმში – ქერჩსა და სევასტოპოლის რაიონში. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის სამხედროებს არ დაუდასტურებიათ და არ უარუყვიათ ბელგოროდის ოლქსა და ყირიმში მომხდართან კავშირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button