მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა საგრძნობლად შეამცირა თვითმფრინავების რაოდენობა უკრაინის წინააღმდეგ ომში

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა საგრძნობლად შეამცირა თვითმფრინავების რაოდენობა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

დაზვერვის თქმით, თუ რუსული თვითმფრინავები 2022 წლის მარტში, დღეში 300-მდე მისიას ასრულებდნენ, ახლა დღეში მხოლოდ ათამდე მისიას ახორციელებენ.

“რუსული თვითმფრინავების რაოდენობის შემცირება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მუდმივად მაღალი საფრთხის, რუსული თვითმფრინავების ფრენების საათების შეზღუდვის, აგრეთვე ამინდის პირობების გაუარესების შედეგია.

რადგან რუსეთის სახმელეთო თავდასხმის ტაქტიკა დიდწილად ეყრდნობა ვიზუალურ იდენტიფიკაციას და უმართავ საბრძოლო მასალას, რუსეთის საჰაერო ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ სახმელეთო თავდასხმის ოპერაციის ნელ ტემპს ზამთრის უამინდობის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ჟივიცკის განცხადებით, ბოლო ერთ დღეში რუსებმა სუმის ოლქი 64-ჯერ დაბომბეს.

“ცნობილია ადგილობრივი მოსახლეობის 7 დაზიანებული კერძო სახლის შესახებ. დაზიანებულია ასევე შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები”, – თქვა სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, რუსული არმია სისტემატურად ბომბავს სუმის რეგიონს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კი ნადგურდება.

30 ნოემბერს, ბელოპოლიეს დაბომბვის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა. ამავე დღეს რუსებმა დაანგრიეს საავადმყოფო, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს პლოშანკას, ბილოჰორივკას, ბერესტოვეს, ბელოგოროვკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუცკეს, ბახმუტის, ოპიტნეს, კლიშივკას, ანდრიივკას, მარინკას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 7 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება.

ISW წერს, რომ უკრაინული ძალები ზამთარში კონტრშეტევით ოპერაციებს გააგრძელებენ, რათა გააძლიერონ ბოლო სამხედრო მიღწევები და თავიდან აიცილონ რუსული ძალების წინსვლა ბრძოლის ველზე.

აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა, სერჰიი ჩერევატიმ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ გაყინული ნიადაგი საშუალებას მისცემს მძიმე ბორბლიანი მანქანების წინსვლას და რომ უკრაინული ძალები ასეთ მანქანებს ზამთრის ოპერაციებისთვის ამზადებენ.

ამავდროულად, მისი თქმით, ცუდად მომზადებული მობილიზებული რუსი სამხედროები და ვაგნერის რეკრუტები, არ არიან მზად ზამთარში სამხედრო ოპერაციებისთვის.

“უკრაინის უნარი შეინარჩუნოს სამხედრო ინიციატივა დამოკიდებულია იმაზე, გააგრძელებენ თუ არა უკრაინული ძალები აქტიურ კონტრშეტევას ამ ზამთარში.”- წერია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებაში.

უკრაინამ გაათავისუფლა ხარკოვის ოლქის უმეტესი ნაწილი სექტემბერში, ხერსონი ნოემბერში და ახლა ქმნის პირობებს ამ ზამთარში სხვა რაიონებში ახალი შეიარაღებული ძალების შეტევისთვის.

“დეკემბრის ბოლოს ძლიერი ყინვების მოახლოებასთან ერთად, უკრაინული ძალები კვლავ შეძლებენ ამინდის თავის სასარგებლოდ გამოყენებას, რადგან ზამთარი საუკეთესო სეზონია მექანიზებულ დანაყოფებთან ბრძოლისთვის.”- წერს ISW.
მიუხედავად ოკუპანტების მასიური თავდასხმებისა უკრაინამ რუსეთის მიერ, 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების 54% გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთი ახლა საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს, მასში შედის დონბასისა და ყირიმის რეგიონები, რომლებიც რუსეთს 2014 წლის შემდეგ აქვს ოკუპირებული.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button