მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უარყო „მობილიზაციის მეორე ტალღის“ გამოცხადება

პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია დაამტკიცა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს, რომ დაგეგმილია უკრაინასთან საომრად „მობილიზაციის მეორე ტალღის“ გამოცხადება. ბოლო დღეებში სხვადასხვა წყაროთი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კიდევ 400 ათასი პირის მობილიზებას აპირებს.

„მინდა ყველა დაგარწმუნოთ, რომ გენერალური შტაბის გეგმებში არ არის მობილიზაციის მეორე ტალღა“, – განაცხადა მოსკოვში დღეს, 31 მარტს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის გენშტაბის საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კონტრ-ადმირალმა ვლადიმირ ციმლიანსკიმ.

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, სამხედრო სამსახურში უკვე გაწვეულები და ასევე, მოქალაქეები, რომლებმაც „საკუთარი ნებით მოისურვეს ოპერაციაში მონაწილეობა, სრულიად საკმარისია დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად“.ამასთან, კონტრ-ადმირალ ციმლიანსკის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააფართოვა კონტრაქტით სამსახურის მსურველთა შერჩევის პუნქტების ქსელი, რადგან „მნიშვნელოვნად გაიზარდა რაოდენობა იმ მოქალაქეების, რომლებმაც ნებაყოფლობით გადაწყვიტეს კონტრაქტით სამხედრო სამსახური“. ციმლიანსკის კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად “ნაწილობრივი მობილიზაცია” 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა.
ოქტომბრის ბოლოს, თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პუტინს უპატაკა, რომ პროცესი დასრულებულია და მობილიზებულია 300 000 ადამიანი.
“ნაწილობრივი მობილიზაციის” გამო რუსეთი დატოვა გაწვევის ასაკის ათეულობით ათასმა მამაკაცმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფცია დაამტკიცა.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან თათბირზე განაცხადა. შეხვედრას ვლადიმერ პუტინი დისტანციურად ესწრებოდა.

„საერთაშორისო ცხოვრებაში კარდინალურმა ცვლილებებმა ჩვენგან მოითხოვა სტრატეგიული დაგეგმარების საკვანძო დოკუმენტების სერიოზული კორექტირება, მათ შორის რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, სადაც აღნიშნულია დიპლომატიური საქმიანობის პრინციპები, ამოცანები, პრიორიტეტები“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან რუსეთმა თავისი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგია შეცვალა და დასავლეთს მასში ეგზისტენციალურ საფრთხედ წარმოადგენს.
თავად კონცეფცია უშიშროების საბჭოს სხდომაზე პარასკევს წარმოადგინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, როგორც სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, განახლებული კონცეფცია ასახავს ცვალებად გეოპოლიტიკურ რეალიებს, კერძოდ, დოკუმენტში ხაზგასმულია ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო დაძაბულობის უპრეცედენტო დონე, აღიარებულია რუსეთის უსაფრთხოებისა და განვითარების წინაშე არამეგობრული სახელმწიფოების ქმედებების შედეგად შექმნილი საფრთხეების ეგზისტენციალური ხასიათი.

„ანტირუსული ხაზის მთავარ ინიციატორად და გამტარებლად პირდაპირ სახელდება აშშ და, ზოგადად, დასავლეთის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რუსეთის შესუსტებისკენ, რაც დახასიათებულია, როგორც ახალი ტიპის ჰიბრიდული ომი“ , – განაცხადა ლავროვმა.

ახალი კონცეფციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი არ მიიჩნევს თავის თავს დასავლეთის მტრად, არ ახდენს მისგან იზოლაციას და არ აქვს მტრული განზრახვები; მოსკოვი აშშ-ის კურსს განიხილავს თავისი უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობისთვის რისკების მთავარ წყაროდ; მოსკოვი მიისწრაფვის ყველა ქვეყნისთვის თანაბარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ურთიერთგების პრინციპის საფუძველზე; განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთთან და ინდოეთთან კავშირებისა და კოორდინაციის გაღრმავებას;

სამეზობლოში მთავარ მიზნად დასახელებულია რეგიონის გადაქცევა მშვიდობის, კეთილმეზობლობისა და განვითარების ზონად. კონცეფცია ერთ-ერთ მიზნად ასახელებს მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას, საზღვარგარეთ რუსეთის ობიექტური აღქმის უზრუნველყოფას, მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში რუსეთის პოზიციების გამყარებას.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნებს შორის დასახელებულია მომიჯნავე ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათ ტერიტორიებზე დაძაბლულობებისა და კონფლიქტების კერების გაჩენის აღკვეთის ხელშეწყობა. ასევე, რუსეთის პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა საერთო ინტერესების მიღწევის, მათი უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის კუთხით იმის განურჩევლად, აქვთ თუ არა ამ მოკავშირეებსა და პარტნიორებს საერთაშორისო აღიარება და არიან თუ არა ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა უნდა იყოს მრავალპოლარული და ემყარებოდეს სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობის, განვითარების მოდელის არჩევის უფლების პატივისცემის, შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი გეგმავს, პრიორიტეტული ყურადღება დაუთმოს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ასევე ევრაზიული კავშირის სახელმწიფოების და დსთ-ს იმ სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, რომლებიც რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ემხრობიან.

კონცეფციის თანახმად, რუსეთი ასევე გეგმავს, პრიორიტეტული ყურადღება დაუთმოს სამეზობლოში შეიარაღებული კონფლიქტების აღკვეთასა და დარეგულირებას, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, მათ შორის „ფერადი რევოლუციების“ ინსპირირებების და რუსეთის მოკავშირეების, პარტნიორების შიდა საქმეებში ჩარევის სხვა მცდელობების აღკვეთას.

მსგავსი პოსტები

Back to top button