მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთთან მოლაპარაკების მთავარი პირობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკების მთავარი პირობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

დანილოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარი პირობა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებისთვის არის რუსი ოკუპანტების უკრაინის საზღვრებიდან გასვლა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ასეთი პირობების შესრულების გარანტია არის უკრაინაში თანამედროვე საჰაერო თავადაცვის სისტემების, ავიაციის, ტანკებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა.

“სტრატეგია არის პრევენციული მოქმედება. რუსული რაკეტები ჰაერში, ხმელეთზე და ზღვაზე გაშვებამდე უნდა განადგურდეს”, – თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩი, ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია და გაგრძელდება ვიდრე ქვეყანა ამ ომს არ მოიგებს.

„ჩვენ პირველი დღიდან გავერთიანდით და ამ ერთიანობაში ბზარები არ გვინახავს. ევროპა ერთიანია. ნატო ერთიანია. ჩვენ გვქონდა ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და გავაგრძელებთ ერთიანობას ვიდრე უკრაინა არ მოიგებს ამ ომს და რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე.

„არანაირი მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინას მესაჭის ადგილი არ უკავია. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება. მათ უნდა განსაზღვრონ, როდის იქნებიან მზად ამ მოლაპარაკებებისთვის“, – აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთთან საუბარი საჭიროა, როდის და როგორ – კიევმა უნდა გადაწყვიტოს.

“დარწმუნებული ვარ და ვვარაუდობ, რომ ახლაც, რაღაც მომენტში, ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება,” – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონი ამბობს, რომ მოლაპარაკება უნდა მოხდეს პირობებისა და ვადების ფარგლებში, რომელსაც უკრაინა აირჩევს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებისთვის აბსოლუტურად რადიკალური პირობების წამოყენება ნაჩქარევი იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებაზე, უკრაინის პოზიცია კი ცნობილია. პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინას აქვს მკაფიო პირობა – რუსული ძალების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.

30 სექტემბერს, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button