მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი – რომელიც არქტიკაში მდებარე ციხეში იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა – დაკრძალეს მოსკოვში, მისი ბავშვობის სახლის სიახლოვეს მდებარე ბორისოვის სასაფლაოზე. პოლიციამ ათიათასობით მოქალაქეს არ მისცა საშუალება, დასწრებოდა დასაფლავების ცერემონიალს. მისმა დაკრძალვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა – მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც სკანდირებდნენ: “ნავალნი”, “არა ომს”…

მანამდე ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა ნათესავებს და ახლობლებს საშუალება ჰქონდათ, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში მისულიყვნენ ხანმოკლე პანაშვიდზე, სანამ ნავალნის ცხედარს სასაფლაოზე გადაასვენებდნენ.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო – მობილიზებული იყო სპეცრაზმი, პოლიცია იყო განლაგებული ეკლესიაშიც.

მოსახლეობას კი ეკლესიასთან მიახლოებას რკინის ბარიკადების დახმარებით ურთულებდნენ. ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ რუსეთში აკრედიტებული ელჩებიც. მათ შორის საფრანგეთის ელჩი რუსეთში პიერ ლევი და აშშ-ის ელჩი რუსეთში ლინ ტრეისი.
დაკრძალვამდე ნავალნის ოჯახსა და რუსეთის შესაბამის უწყებებს შორის ორი კვირის განმავლობაში იყო დაპირისპირება – ოფიციალური უწყებები აყოვნებდნენ ცხედრის ნავალნის დედისთვის, ლუდმილა ნავალნაიასთვის გადაცემას გავრცელებული ცნობებით, აშანტაჟებდნენ დაკრძალვის კერძო ვითარებაში, “გამოთხოვების ცერემონიის გარეშე” ჩატარების მოთხოვნით.

ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, დაკრძალვაზე დაუკრეს მუსიკა ნავალნის საყვარელი ფილმის, Terminator 2-ის ფინალური სცენიდან და ფრენკ სინატრას სიმღერა My Way.

სოციალური მედიით გავრცელდა ფოტო, რომელიც ეკლესიაში, პანაშვიდზეა გადაღებული. ფოტოზე ჩანან გარდაცვლილის მშობლებიც.

დაკრძალვაზე მისული მოქალაქეების ნაწილმა კატაფალკთან მიახლოების მიზნით რკინის ღობე შეანგრია, თუმცა პოლიციასთან შეტაკებებზე ცნობები არ გავრცელებულა. მოქალაქეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: “რუსეთი თავისუფალი იქნება”, “არა ომს”, “რუსეთი პუტინის გარეშე””, “ჩვენ არ დავივიწყებთ”, და “პუტინი მკვლელია”.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში დაიღუპა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ. ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს. 19 თებერვალს ოპოზიციონერის დედა სალეხარდის მორგში მივიდა, სადაც მისი შვილის ცხედარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ის და არც ადვოკატი ადგილზე არ შეუშვეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ლიუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დათანხმებულიყო შვილის საიდუმლოდ, წყნარ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნავალნის ცხედარს კოლონიაში დაკრძალავდნენ. საბოლოოდ, ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

27 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ დამკრძალავ ბიუროებს ნავალნის დაკრძალვის ორგანიზება აუკრძალეს. როგორც იარმიში წერს, ამის შესახებ მას ერთ-ერთი ასეთი სააგენტოდან აცნობეს. მისივე ცნობით, რამდენიმე სააგენტომ განაცხადა, რომ შენობა დაკავებულია, ზოგიერთმა კი უარი თქვა კომუნიკაციაზე ნავალნის სახელის ხსენების შემდეგ.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. მას 19 წელი მიესაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში. ნავალნი თავდაპირველად ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით, 230 კილომეტრში, მაგრამ გასული წლის ბოლოს გადაიყვანეს „სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button