რუსი წვევამდელები უკრაინაში საშუალოდ ოთხ-ნახევარი თვის შემდეგ იღუპებიან
რუსეთმა უკრაინაში 274 470 ჯარისკაცი დაკარგა

21 სექტემბერს ერთი წელი შესრულდა რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციიდან“, რომელიც ოფიციალურად დღემდე გრძელდება. „ვაჟნიე ისტორიისა“ და Conflict Intelligence Team-ის (CIT) ერთობლივი კვლევის თანახმად, რუსი წვევამდელები უკრაინაში საშუალოდ ოთხ-ნახევარი თვის შემდეგ იღუპებიან, ხოლო ყოველმა მეხუთემ ფრონტზე მხოლოდ 2 თვე იცოცხლა.
ამ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის თითქმის ყველა რეგიონში დაკრძალეს სულ მცირე ერთი გაწვეული მამაკაცი.
“მობილიზებულთა ნახევარზე მეტი 30-დან 45 წლამდე ასაკისა დაიღუპა. ყველაზე ხანდაზმული, 62 წლის მაიორი ნიკოლაი ისაკოვი მობილიზებულია ტვერის რეგიონიდან. მან ომში დაახლოებით რვა თვე გაატარა და ივნისის დასაწყისში დაიღუპა რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის რაიონის შებეკინსკის რაიონში”, – მიუთითებენ კვლევის ავტორები.
ერთი წლის წინ რუსეთში გამოცხადდა “ნაწილობრივი მობილიზაცია”, რომლის დროსაც სამხედრო სამსახურის გასავლელად დაახლოებით 300 000 ადამიანი გამოიძახეს.
იგივე რიცხვი დაასახელა 15 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
“მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, მოხალისეებად მოსულმა 300 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი კონტრაქტებს. მეტიც, ფორმირებული დანაყოფები აღჭურვილია იარაღისა და აღჭურვილობის თანამედროვე მოდელებით, ზოგი უკვე 85-90 პროცენტით არის დაკომპლექტებული“, – განაცხადა პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივი ბრიფინგზე.
რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკების გამართვისთვის, მაგრამ ამის მზაობა არ აქვს კიევს, რომელმაც, პუტინის თქმით, აშშ-ის კარნახით უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკებაზე.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ დანაკარგების შესავსებად და ახალი ფორმირებების შესაქმნელად კრემლი აგრძელებს ფარულ მობილიზაციას, რომლის ფარგლებში 2023 წელს 90-დან 100 ათასამდე რუსი უკვე გამოიძახეს. თუმცა “მასშტაბური მობილიზაცია” რუსეთში შესაძლოა, აღარ ჩატარდეს.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 274 470 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 21 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 490 სამხედრო, 3 ტანკი.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:
ტანკი – 4638
ჯავშანტექნიკა – 8883
საარტილერიო სისტემა – 6137
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 781
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 528
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4850
ფრთოსანი რაკეტა – 1479
გემი/ნავი – 20
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8670
სპეცტექნიკა – 911
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.