საქართველოსთვის რუსეთი საწვავის მიმწოდებას შეზღუდავს

21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ აკრძალა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი. გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყნის შიგნით მოსავლის აღების პერიოდთან დაკავშირებით ფასების სტაბილიზაციისთვის. მიწოდების დეფიციტი გამოვლინდა სამხრეთის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში.
შეზღუდვა შეეხება საქართველოსაც. არსებული ინფორმაციით, რუსეთის წილი საქართველოს ბენზინისა და დიზელის იმპორტში წელს 80%-ს აჭარბებდა.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ახლო მომავალში საქართველოში საწვავის ფასმა კიდევ 10 თეთრით მოიმატოს.
“ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს, იქ შეიძენს პროდუქტს და აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა”, – აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
საქართველოსთვის რუსეთი საწვავის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. სწორედ ამის გამო საწვავზე ფასები საქართველოშიც იზრდება. ბოლო 3 თვეში კი ჯამში ფასები თითქმის 70 თეთრამდეა გაზრდილი.
20 სექტემბერს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ მინისტრები მზად არიან ფასების შემზღუდავი რადიკალური ზომებისთვის. მწარმოებლებისთვის რეგულაციების გამკაცრების ფონზე, პეტერბურგის ბირჟის მონაცემებით, საბითუმო ფასებმა კლება დაიწყო, თუმცა არ შეცვლილა საცალო გაყიდვებზე.
აკრძალვა ძირითადად ეხება ბენზინს და დიზელის საწვავს, მაგრამ მოსკოვმა გარკვეული გამონაკლისებიც დააწესა, მაგალითად: საწვავის მიწოდება ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში, სატრანზიტო მიწოდება, მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთისთვისა და ცხინვალის რეგიონისთვის, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ფორმირებებისთვის და ა.შ.
სოხუმი და ცხინვალი მანამდეც აცხადებდნენ საწვავის ბაზარზე არსებულ „რთულ ვითარებაზე“. დეფიციტის მიზეზებს შორის ასახელებდნენ „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზრდილ მოხმარებას, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმურ გაჩერებასა და მოსავლის აღების სეზონს“.
გარდა ამისა, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომელშიც რუსეთის გარდა სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი შედიან.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია, რის გამოც საწვავის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა; კერძოდ, წლის დასაწყისიდან 9,4%-ით გაიზარდა საწვავის ფასები, ხოლო ზოგადად, სამომხმარებლო პროდუქტების ფასებმა – 4%-ით მოიმატა.
სექტემბრის ოც დღეში, გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი 30%-ით, 1,7 მილიონ ტონამდე შეამცირა.
გასულ წელს რუსეთმა ჯამში 4.817 მილიონი ტონა ბენზინი და 35 მილიონი ტონა დიზელი გაიტანა ექსპორტზე.
ფასის კლების ფონზეც კი Аи-92 ტიპის 1 ტონა ბენზინის გაცვლითი ფასი ხუთშაბათს 61,8 ათასი რუბლი (646 აშშ დოლარი) იყო. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილებისთვის საჭირო დიზელის საწვავი 71,8 ათასი რუბლი ღირს (740 აშშ დოლარი). ივლისის ბოლოს 1 ტონა დიზელი 57 ათას რუბლზე (580 აშშ დოლარი ) ნაკლები იყო, ანუ ფასი დაახლოებით 25 პროცენტით გაიზარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ საწვავის ფასებმა, დეფიციტის შექმნის საფრთხის გავლენით, ევროპაშიც მოიმატა.
რუსული მედიის ცნობით, ბოლო რამდენიმე თვე, საწვავის ფასი რუსეთში რეკორდულად მაღალ დონეზე იყო.