რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონში საოკუპაციო ზოლი გადმოწიეს
საოკუპაციო ზოლი რუსმა მესაზღვრეებმა კილომეტრნახევრით კიდევ გადმოწიეს. საუბარია გორის რაიონის წითელუბანსა და ხურვალეთზე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფლების საძოვრები და მიწის ფართობები, სადაც მოსახლეობას ნათესები ჰქონდა.
ადგილობრივები შიშობენ, რომ წელს მოსავლის აღებას ვეღარ შეძლებენ. მათ რუსი მესაზღვრეებისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობისგან თავი შეიკავონ.
საზღვრის გადმოწევის ფაქტს ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
„მიმდინარე წლის 10 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.
მნიშვნელოვანია, რომ ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიზანმიმართული პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც მიმართულია სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას”.