რუსთაველის გამზირი პროტესტის 51-ე დღესაც გადაიკეტა
ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

უწყვეტი პროტესტის 51-ე დღესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. მანამდე რუსთაველის გამზირზე განლაგებული პოლიციელები მოქალაქეებს გამზირის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, აქციაზე არ იყო მოქალაქეების ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო გზის გადასაკეტად.
მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზა მაინც გადაკეტეს, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებული არიან და ხვალ სახლებში მიუვათ 5000 – ლარიანი ჯარიმა.
პოლიცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ყველგან პოლიცია, არასად სამართალი!”.
მოქალაქეების მოთხოვნა კვლავ უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების მიმდინარეობისას უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომღერალი ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე აქციის მონაწილეები ქალაქის მერიიდან მსვლელობით მივიდნენ.
მოქალაქეები სკანდირებენ “მოღალატე”, მათი თქმით ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე კონცერტის და სიმღერის დრო არ არის.
“ჩვენი სათქმელი არის ის, რომ დღეს არავის არ უნდა ეკონცერტებოდეს მაშინ, როდესაც საქართველოს წინსვლისთვის დაპატიმრებული ვაჟკაცი მებრძოლები არიან ციხეში და გვაქვს თავზე დახეული კონსტიტუცია, მოპარული არჩევნები. ამიტომ დღეს კონცერტზე კი არ უნდა ვიდგეთ, უნდა ვიდგეთ ქუჩაში და უნდა ვაპროტესტებდეთ გაყალბებულ არჩევნებს, ვითხოვდეთ ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას.
ანრი ჯოხაძეს ვეტყოდი იმას, ომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მის ქართულ “სახელოვნებო კულტურაში” ყოფნას, თუ არ იქნება სწორ პოზიციაზე, რაც სახელმწიფოებრივი პოზიციაა,” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ზაალ კუხიანიძე.