მნიშვნელოვანისიახლეები

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაორგანიზებული აქცია იწყება, საავტომობილო გზა გადაიკეტა.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების ერთი ნაწილი უკვე შეკრებილია. აქციას მოქალაქეები მსვლელობით ორი ლოკაციიდან – “რესპუბლიკის მოედნიდან” და “კოლმეურნეობის მოედნიდან” შეუერთდნენ.

“თავისუფლება მიშას” – ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე “ერთიანი ნაციონალური მოძაობის” აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერი წარწერებით“: “ჩემო პრეზიდენტო, გილოცავ დაბადების დღეს, არ დანებდეთ”.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოწყობილია სცენა, საიდანაც გამომსვლელები, პოლიტიკური ლიდერები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დასრულდება პოლიტიკური დევნა, ახლა კი, უპირველესი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

“მიშა სააკაშვილი უნდა ვიხილოთ თავისუფლებაზე, რომ თავისი რესურსი მოახმაროს ქვეყნის შენებას” – ამბობს მესამე პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” აქცია მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს დაამთხვია. ის დღეს 54 წლის გახდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არა თანამდებობისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის.

სააკაშვილმა დღეს, 21 დეკემბერს, აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე “ფეისბუკის” საშუალებით მხარდამჭერებს მიმართა. მან ამ მიმართვაში უმთავრესად ყურადღება გაამახვილა მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე.

მიმართვაში სააკაშვილმა ისევ ისაუბრა ქუჩის პროტესტისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე:

“პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია – ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება.

გამოსავალი მხოლოდ ერთია – დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტის, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას.

ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლებას, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არამედ მსოფლიოში გაბნეული 5 მილიონზე მეტი ქართველის ყველანაირი მრავალფეროვანი ინტერესის გამომხატველი. ჩვენს მრავალფეროვნებაში და თავისუფლების სიყვარულშია ჩვენი ძალა და გადარჩენის საიდუმლო”.

მსგავსი პოსტები

Back to top button