რუსთავი 2 ის წილი შესაძლოა კიწმარიშვილის ოჯახსაც გადაეცეს

“ჩემი დავა ეხება მხოლოდ ერთ საქმეს, როგორ წაიღო ჩემი წილები 2006 წლის 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა და ამ დავაში სხვა მხარე არ არის.  ეს დავა არის მხოლოდ 2 სუბიექტს შორის და იმედი მაქვს დამთავრდება ჩემთვის წარმატებით.

თუ მე დავა მოვიგე, მე ვიძახი რომ ჩემი კეთილი ნებით გადავცემ 2 ადამიანს წილის 50 პროცენტს. ჩემი გამარჯვებს შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს 2 მეწილე იქნება თუ სამი, მე 50 პროცენტს ვაძლევ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, თუმცა მათ არ მივატოვებ და დავეხმარები, შევხვდები ქალბატონ ია კიწმარიშვილსაც”- ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, ეროსი კიწმარიშვილის ძმასთან ზურაბ კიწმარიშვილთან თოქ-შოუში “პოლიტიკა”განაცხადა.

“ეს ჩემი კეთილი ნება გამოვხატე იმიტომ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ერთად ვიყავით და ჩვენთან ერთად მაშინ არ დავობდა კიწმარიშვილის ოჯახი, თუმცა შევხვდები ქალბატონ იას”- დასძინა ხალვაშმა, რომელმაც გადაცემაში არ დააკონკრეტა გადასცემს თუ არა წილს კიწმარიშვილის ოჯახსაც.

ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა,რომ 2009 წლიდან ეროსიც დავობდა სამართლებრივი გზით და მისი კრიტერიუმები სამართლიანობის აღდგენისკენ იყო მიმართული.

ზურაბ კიწმარიშვლმა აღნიშნა, რომ ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილი მალე დაიწყებს გარკვეულ პროცედურებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ეროსი კიწმარიშვილი, “რუსთავი 2” ის დამაარსებელი და ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი 2014 წლის 15 ივლისს საკუთარ ავტოფარეხში გაურკვეველ ვითარებაში ტყვიით გარდაცვლილი იპოვნეს, საქმე დღემდე გამოუძიებელია.

17 ივლისს შემთხვევის ადგილზე, ილია ჭავჭავაძის 37-ე “დ” კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში, ჟურნალისტებთან ერთად მისულმა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება როგორც ექსპერტიზის პასუხს, ასევე გამოძიების დამთავრებას.

ხელისუფლების ოპონენტები მაშინ საუბრობდნენ, რომ “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელის, ეროსი კიწმარიშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება საეჭვოდ ემთხვეოდა დროში ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ “რუსთავი 2” კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

ნიკა გვარამიას თქმით კი ეროსი კიწმარიშვილი “რუსთავი 2”-ზე თავდასხმას ვარაუდობდა. როგორც გვარამია ამბობს, ეროსი კიწმარიშვილს მისთვისაც არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, რომ არხზე ძველი მესაკუთრეების მეშვეობით თავდასხმა მოხდებოდა, თუმცა კიწმარიშვილი მოქმედი ხელმძღვანელობის გვერდით დადგებოდა.

 

 

~

 

მსგავსი პოსტები

Back to top button