მნიშვნელოვანისაქართველო

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

“კურიერის” ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა მისი ინფიცირების წყარო პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი იყოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ “დღის კურიერის” სტუმარი იყო.

“დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა, სხვა სიმპტომი არ მაქვს. სავარაუდოდ ჩემი ინფიცირება მოხდა პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან, ამას დაადგენენ უფრო ზუსტად ეპიდემიოლოგები. მქონდა სამწუხაროდ ბევრი კონტაქტი სამსახურში, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი. ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე ვნერვიულობ, რომლებიც შესაძლოა ჩემგან დაინფიცირდნენ,”- ამბობს ცხომელიძე.

“რუსთავი 2”-ში თანამშრომელთა covid-19-ზე ტესტირება მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურების შემდეგ “რუსთავი 2-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, ტელეკომპანიას შეძენილი აქვს სწრაფი ტესტები, რისი მეშვეობითაც ყველა ის თანამშრომელი დაიტესტება, რომლებიც ახლა კომპანიაში იმყოფებიან.

 

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა და აღმასრულებელმა დირექტორებმა, პაატა სალიამ და ირაკლი იმნაიშვილმა, მედიასთან ისაუბრეს იმ ზომების შესახებ, რომელიც არხმა მას შემდეგ მიიღო, რაც „კურიერის“ ჟურნალისტს COVID-19 დაუდასტურდა.

„ჩვენ ასეთი მდგომარეობისთვის ჯერ კიდევ ვირუსის პირველი ეტაპიდან ვიყავით მზად. შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროტოკოლი, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში. გავდივართ აქტიურ კონსულტაციებს და უშუალო კონტაქტზე ვართ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ვასრულებთ მათ რეკომენდაციებს. პირველ რიგში, რასაც ვაკეთებთ, არის, რომ მოვიძიოთ ყველა პირდაპირი კონტაქტი. ჩვენც ვმუშაობთ ამაზე და შესაბამისი სტრუქტურაც მუშაობს. გარდა ამისა, უკვე მივიღეთ ზომები იმისთვის, რომ ჩატარდეს ტესტები. ყველა იმ თანამშრომელს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ჩვენს თანამშრომელთან, ჩაუტარდეს ტესტირება და უახლოეს საათებში, მაქსიმუმ ხვალ, გვეცოდინება, მის უშუალო კონტაქტებს უდასტურდებათ თუ არა ვირუსის გადადება. იმედი გვაქვს, რომ ასე არ იქნება. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ მოქმედებას, რომელიც აუცილებელია, რომ ტელევიზიამ არ შეაფერხოს მაუწყებლობა. თუმცა გარკვეული ცვლილებები შეიძლება, უახლოესი 1-2 დღის განმავლობაში იყოს, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები, იმედი გვაქვს, რომ ეთერზე ეს არ აისახება“, – თქვა პაატა სალიამ.

ირაკლი იმნაიშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანიაში სამ ეტაპად დაიყოფა სამუშაოები:

სიტუაციისა და რისკების შეფასება; რისკების მართვა. მართვაში იგულისხმება ყველა თანამშრომლის ტესტირება, რომლებსაც ჰქონდათ ინფიცირებულთან კონტაქტი და მესამე – არხი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად მუშაობს, რა ცვლილებები უნდა შევიდეს მათ დღის წესრიგში.

მისი თქმით, “რუსთავი2”-ში შესაბამისი პროტოკოლი დაინერგება იმისთვის, რომ ეთერი არ გაჩერდეს.

“სამწუხაროდ, დღევანდელ ეთერზე ეს აისახა. „ღამის კურიერი“ იყო დაგეგმილი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ დღეს გადაცემა მოგვეხსნა ეთერიდან. ჯერ არ გვაქვს რისკები ბოლომდე შეფასებული“

წაიკითხეთ ასევე

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
TV პირველის ჟურნალისტებს კოვიდ-19-ზე ხვალ დატესტავენ

მსგავსი პოსტები

Back to top button