მნიშვნელოვანისიახლეები

რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ოლიგარქი ივანიშვილიც დაესწრება

,,კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იმ დღეს რუსთაველზე ვერ იქნებიან,,- მდინარაძე

ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო- სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მან გამორიცხა დაპირისპირება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებსა და 29 აპრილის აქციის მონაწილეებს შორის, რადგან მდინარაძის მტკიცებით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იმ დღეს რუსთაველზე ვერ იქნებიან.
“ქართული ოცნების” ორგანიზებით, ორშაბათს, პარლამენტის წინ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით, შეკრება დაანონსდა. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ პარლამენტთან დაგეგმილი ღონისძიება საზოგადოების მოთხოვნაა, რადგან მათი თქმით, კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ, რეალურად კი ეს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილის პოზიციაა.
„რატომ აანონსებს „ნაცმოძრაობა“ დაპირისპირებას? გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იქ ვერ იქნებიან, იმიტომ, რომ იქნება 100 ათასზე მეტი ადამიანი და პროვოკაციისთვის თუ ვინმე მოვა, პასუხს გასცემს იმას პოლიცია და განარიდებენ იქიდან, რა პროვოკაცია უნდა იყოს?!

ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას.

რაც შეეხება მიზანს, რაღაცნაირად ისე წარმოაჩენენ ხოლმე ადამიანების გარკვეული ჯგუფები, რომ ისინი არიან საქართველო და ამას ეუბნებიან ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და მათ აქვთ მცდელობა, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, მაგალითად გამჭვირვალობას, უწოდონ რუსული გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სხვა არგუმენტი არ არის. ასე იქცევიან მაშინ, როცა სხვა არგუმენტი არ არსებობს და მარტო იმიტომ ღირს გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომ ხოშტარიების ოჯახი რუსეთიდან რომ ფინანსდება, პარალელურად სად ემთხვევა რუსული და დასავლური ფონდების თუ დონორების ინტერესები, ეს გავიგოთ.

ეს იქნება ძალიან დიდი აქცია და ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცეს იმ აქციის თითოეულ მონაწილეს. ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო, ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ, რამდენი ვართ და რა შეგვიძლია ჩვენო. ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში. კონტრაქცია კი არ არის, ეს არის აქცია, რომელიც ორგანიზდება ჩვენ მიერ, თავისი სახელი ერქმევა, ეს არის „ქართლი ოცნების“ დაორგანიზებული აქცია და ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა იმ აქციაზე და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია. აქცია იქნება ეროვნული, ქართული და შემდეგ ევროპული პოლიტიკის მხარდამჭერი, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება და აქ არც ერთი ნაბიჯით ამ საკითხთან ამ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით უკან არ დაიხევს“,- განაცხადა მდინარაძემ.

29 აპრილის აქცია იქნება ჩვენი ერთობის, ღირებულებების, ტრადიციების დაცვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვართ ვალდებული, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გაგვაჩნდეს ჩვენი საზოგადოების და, განსაკუთრებით, ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. როდესაც მათი თხოვნა არის გულწრფელი და ძლიერი, ვართ ვალდებული, მათ მოვუსმინოთ და ვიმოქმედოთ მათი ამ აზრის გათვალისწინების შესაბამისად. ამიტომ 29 აპრილის აქცია იქნება ჩვენი ერთობის, ღირებულებების, ტრადიციების დაცვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. განსაკუთრებით საამაყოა, რომ მას დაესწრება ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, მხარდამჭერებისთვის.
ჩვენ ამით ასევე შესაძლებლობა გვექნება, რომ თითოეულმა აქტორმა, ვისაც აქვს იმის წადილი, რაღაც არაკეთილსინდისიერი ჩაიდინოს, ნახოს, როგორი ერთიანია საზოგადოება. როგორი ერთიანია, უპირველესად, იმ სახელმწიფოებრივი და ეროვნული ფასეულობების ირგვლივ, რაც თაობების მოტანილია და რის მიმართაც განსაკუთრებული პასუხისმგებლები ვართ, რომ დავიცვათ და შესაბამისად გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამია: „ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას“.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ „ქართული ოცნებამ“ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 48 პროცენტი აიღო და, ბოლო კვლევებით, ჩვენი მხარდაჭერა არის 60 პროცენტამდე გაზრდილი. ბუნებრივია, იმ პროცესების კვალდაკვალ, რომლებიც ახლა მიმდინარეობს პარლამენტში, ჩვენი ასიათასობით ამომრჩეველი, ბუნებრივია, ჩვენგან ითხოვს, მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება კანონის დაცვით, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა განაცხადა, საზოგადოებას შორის არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
„საქართველოში ყველა მოქალაქეს აქვს და ექნება გამოხატვის თავისუფლება კანონით დადგენილ ფარგლებში. მგონი, ბოლო დღეები ამას ადასტურებს. დაპირისპირებაზე საუბარი უკვე არის იმ აზრის დათესვა, რომ „ქართული ოცნება“ გარკვეულ დაპირისპირებას აღვივებს. პირიქით, ჩვენ გვინდა, მთლიანად საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს საუბრობს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის სახელით. ასევე, გვინდა, ყველას დანანახოთ, რომ იმ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ – ერთი პარტიაა მხოლოდ, რომელიც ლახავს ხუთპროცენტიან ბარიერს – არ უნდა ჰქონდეთ უფლება, არც მორალური, არც ლეგიტიმური, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობის და საზოგადოების სახელით ისაუბრონ. ჩვენი ხელისუფლება თავის ამომრჩევლებს ვერანაირად ვერ შეუზღუდავს იმ უფლებას, რომ თავისუფალ პირობებში, ნებისმიერ ადგილას და დროს, ყველა პროცედური დაცვით, გამართონ აქცია. შემდგომ საზოგადოება ყველაფერს თავად დაინახავს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ნახავთ, ათითასობით ადამიანი როგორ გამოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურებს „ქართული ოცნების“ და იმ პროცესების მხარდაჭერას, რომლებიც ახლა ქვეყანაში მიდის“, – განაცხადა ამილახვარმა.
პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამია: „ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას“.

აქციის გამართვა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო. რა თქმა უნდა, აქ არანაირ აგრესიაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები დისკრედიტაციის მცდელობაა.
„ოპონენტებმა ეს თემა უცებ აიტაცეს და საუბრობენ, რომ ეს არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილს შორის დაპირისპირების წინაპირობა, რაც აბსურდია. მათი განცხადებები დისკრედიტაციის მცდელობაა. აქციას ითხოვენ არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდამჭერები, არამედ ის ადამიანები, ვისაც გათვითცნობიერებული აქვს, რომ გამჭვირვალობა ქვეყანას სჭირდება, ისევე როგორც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება. რაც შეეხება აქციაზე ბიძინა ივანიშვილის დასწრებას, აქციაზე მონაწილეობას პარტიის პოლიტსაბჭო მიიღებს. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილიც იქნება. ორგანიზატორია პოლიტსაბჭო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიღებულია თავად „ქართული ოცნების“ მომხრეების დაჟინებული მოთხოვნით, რათა საკუთარი პოზიცია გამოხატონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, რადგან ცილისწამების ნიაღვარი წამოვიდა გამოგონილი სლოგანებით და ტყუილი სტერეოტიპების დამკვიდრებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.
„რა თქმა უნდა, ამას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, არამედ საზოგადოებრივი აზრის გამოხატვაც. საზოგადოება უყურებს, რომ საქართველო მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებას ინარჩუნებს. ამასთანავე, განუხრელად მიდის ევროინტეგრაციის გზაზე. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ხდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button