“სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს”, -მაჭარაშვილი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ
“სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს”, – ასე პასუხობს “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
მაჭარაშვილის თქმით, ქართული მართლმსაჯულების გარდა, საერთაშორისო სასამართლოც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს სამართლიანად იხდის.
“სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს. ვიტყოდი, რომ ის საკმაოდ მომჯობინებულია უკვე. მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება აქვს საერთაშორისო სასამართლოსაც, ქართულ მართლმსაჯულებასთან ერთად, რომ სასჯელს იხდის სამართლებრივად და სამართლიანად გამოტანილი. ჯერ დაფიქრდნენ და წაიკითხონ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და მერე გამოვიდნენ განცხადებებით”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. ისინი ითხოვენ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
“მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, მოსამართლე ჯინჯოლიამ მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი და არაკანონიერი გადაწყვეტილება და პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს ხელმეორე პატიმრობა შეუფარდა. ეს არამხოლოდ დაუსაბუთებელი და შეკვეთილი გადაწყვეტილებაა, არამედ ამ გადაწყვეტილებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია.
შესაბამისად, ჩვენ მოვამზადეთ კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და მე -9 მუხლთან მიმართებაში, რომ მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება არღვევს პირის თავისუფლების კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებასა და არღვევს პირის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ღირსები უფლებას”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.