„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა,,-ტალახაძე
„ქართული ოცნების” პოლიტიკას ვიზიარებ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა. წინ არის რთული გზა გასავლელი და ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, – ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ტალახაძემ ღონისძიებაზე მთავრობის მეთაურისა და წევრების არ დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი აზრით, პრემიერ-მინისტრს გარკვეული მიზეზები ჰქონდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს გარკვეული მიზეზები ჰქონდა. მე აქ ვარ. მე რა ჯილდოც მეკუთვნოდა, ჩავიბარე. ყველას წარმატება მინდა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ და ევროპაში შევალთ”,- განაცხადა ტალახაძემ.
კითხვაზე, იზიარებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის მისამართით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებებს, ტალახაძე ასე პასუხობს: „ქვეყნის მოღალატეს მე არავის ვაკადრებ და არ ვუწოდებ“.
„ვიცი, რომ გუშინდელ დაჯილდოებაზე იყო მოწვეული პრეზიდენტი, მაგრამ არ მოვიდა, ეს მე, როგორც სპორტსმენს, არ მწყენია”,- აღნიშნა მან.
ამასთან, ლაშა ტალახაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღირსების მედლით დაჯილდოების გამო მადლობა გადაუხადა.
„მოვალეობაც კი არის, როდესაც შენი ქვეყნის წარმომადგენელი აღწევს დიდ წარმატებას, უნდა გადასცე ჯილდო. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. ნამდვილად დასაფასებელია თითოეული სპორტსმენის მხრიდან. აქედან გამომდინარე დიდ მადლობას ვუხდი მას”,- განაცხადა ტალახაძემ.
ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი -ოლიმპიური ჩემპიონები ოლიგარქის პარტიის სიაში
მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამარებელი პრეზიდენტი,- ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ბექაურის თქმით, ორდენი, რომლითაც დაჯილდოვდა, არის ქართველი ხალხისგან.
„ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი”,- განაცხადა ლაშა ბექაურმა.
გენო პეტრიაშვილის თქმით “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, შეეცდება, ბევრი კარგი საქმე გააკეთოს,,
ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა ჩემთვის და დიდი პატივია, ვულოცავ ოლიმპიელებს, ვინც დაჯილდოვდნენ, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარე სახალხო ზეიმზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოები გადასცა.
გენო პეტრიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენებიც, რომელთაც ოლიმპიადასა და პარალიმპიადაზე მედლები ვერ მოიპოვეს.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ გამოაცხადა მთავრობის მეთაურმა, რომ ოლიმპიური თამაშების მონაწილეები, ვინც მედლის გარეშე დარჩნენ, ასევე დაჯილდოვდნენ უმაღლესი ჯილდოთი, პრემიული ანაზღაურებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის განვითარებისთვის და ჩვენი ოლიმპიელებისთვის“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
ამასთან, გენო პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია, მისი ოჯახის წევრები „ნეგატიურ და არასასიამოვნო სმს-ებს იღებენ“.
„არ არის სასიამოვნო ის ნეგატიური და არასასიამოვნო სმს-ები, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები იღებენ. არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ეს არ არის ლამაზი. მაგრამ ჩვენ ვპატიობთ ამ ყველაფერს, გულთან ახლოს არ მიგვაქვს და არ ვაქცევთ ყურადღებას“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.