სააკაშვილი დღეს გამართულ სასამართლო პროცესს დაესწრება
გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატა სააკაშვილის პატიმრობის შესახებ იმსჯელებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო გაიმართება – პროცესს ბრალდებული ექსპრეზიდენტი დაესწრება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, სადაც ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტია. პროცესს – სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. ექსპრეზიდენტის
უფლებადამცველის განმარტებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს, იგივე საქმეზე გამოძიებას კიდევ 3 ბრალდებული ყავს.
ადვოკატი შოთა თუთბერიძის ხმა
ენმ-ში მოლოდინი აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები კიდევ უფრო დამძიმდება
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები თვლიან, რომ “ქართულმა ოცნებამ” სასამართლო პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია. ისინი პროგნოზირებენ, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები კიდევ უფრო დამძიმდება.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესს კვლავ პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენებს.
ნონა მამულაშვილის და მიხეილ სარჯველაძის ხმა
დღეს გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებ იმსჯელებს. შესაბამისი ინფორმაცია ლორდთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დისკუსიის ინიციატორი ლორდი ჰარისია.
„დღეს მისი უდიდებულესობის მთავრობას ვკითხავთ, რა პოზიცია აქვთ საქართველოს მთავრობის მიმართ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და პატიმრობას. მისი უდიდებულესობის ელჩმა საქართველოში 15 ოქტომბერს განიხილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სააკაშვილის დაკავების საკითხი, ხოლო მისიის უფროსის მოადგილემ გამოხატა ჩვენი შეშფოთება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან 11 ნოემბერს.
მაღალჩინოსნებმა 1-ელ დეკემბერს თბილისში კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სააკაშვილთან დაკავშირებით. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 20 ნოემბერს დაასრულა და სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო დახმარებას დათანხმდა. მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილს მოეპყრონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ნებისმიერი შემდგომი მოსმენა შეესაბამებოდეს კანონის უზენაესობას და სათანადო პროცესს.
ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების მონიტორინგს,“ – წერია განცხადებაში.