მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სააკაშვილი ძალიან გამხდარია და სუსტადაა”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაოის ლიდერმა” ხატია დეკანოიძემ, რომელმაც ეს წუთია დატოვა გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულება, განაცხადა რომ მიხეილ სააკაშვილი ნახა.

დეკანოიძემ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი ვიზუალურად ძალიან ცუდად გამოიყურება, გამხდარია და სუსტადაა.

“პირველ რიგში, ყოველ ჯერზე რაც შემოვდივარ, უფრო სუსტად არის. ძალიან გამხდარია, რამდენიმე დღე არ მინახავს და ძალიან ცუდი ფერი აქვს. რაც თვალში მომხვდა, ეს იყო რომ წონასწორობის დაცვა უჭირს, იმდენად სუსტადაა, რომ ვერ დადის კარგად. წნევის ცვალებადობა აქვს, უთამაშებს წნევა, დაბალი აქვს, მერე უცებ მაღალი აქვს. ეს თვალში შესამჩნევი სისუსტეა, რაც მე მომხვდა.სამი დღეა აღარ იღებს მედიკამენტებს… ძალიან გამხდარია და სუსტადაა”, – ამბობს დეკანოიძე.

სააკაშვილი დღეს მოინახულა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამაც:

“უკვე ზედმეტად მიმაჩნია ჩემის მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ფერის, მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული, არ იყო, ასე სუსტადაც არ იყო, ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ ასე ვთქვათ და რეალურად, ვერ დგას წესიერად ფეხზე. უკვე მგონია, რომ რამდენად სწორია რომ ჩამოყავთ, არ ვიცი, მე თვითონაც უხერხულად ვგრძნობ თავს იმიტომ რომ ჩემ გამო უნდა ჩამოვიდეს.

რა საქმეც არ უნდა იყოს, ადამიანს არ აქვს კარგი შესაძლებლობა კი არა, პრაქტიკულად აღარ აქვს, რომ გადაადგილდეს. რამდენჯერმე ადგა ფეხზე და თავბრუ კი არ ეხვევა, ჩანს, რომ ქანაობს ადამიანი და ვერ იკავებს თავს. ვთხოვე, რომ დამჯდარიყო. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არაა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა. ჩემი შეფასებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ექიმი არ ვარ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩემი შეფასებების და იქ შემსვლელი ადვოკატების თუ პირების ამარაა დარჩენილი… მე ვფიქრობ, რომ უკუთვლა არის უკვე ჩართული და ამკაცის მდგომარეობა, არ ვიცი… – ამბობს ნიკა გვარამია.

გვარამია ამბობს, რომ დაცვის მხარემ სტრასბურგის სასამართლოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმად შესთავაზა.

როგორც ნიკა გვარამია განმარტავს, სტრასბურგის სასამართლომ მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა შეაფასოს, ადეკვატურია თუ არა ის დაწესებულება სამკურნალოდ, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას.

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამტკიცებს, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულება შესაბამისი ტექნიკით არის აღჭურვილი და ადეკვატური მკურნალობის პირობებს აკმაყოფილებს.

გვარამია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, კონსილიუმის საჭიროება არ დგას.

გვარამიამ განცხადებას სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ სამარცხვინოა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო თავის უფლებამოსილებას არ ახორციელებს.

“სამარცხვნოა თამარ გაბუნია განცხადება, სამარცხვინოა ჯანდაცვის მინისტრის დამალვა, სამარცხვინოა ეს სამინისტრო, იუსტიციას და პენიტეციალურს რა უნდა ველაპარაკო, როცა ჯანდაცვა არ ახორციელებს თავის უფლებასილებას, როცა საკითხი ადამიანის სიცოცხლეს ეხება. სამარცხვინოა და ჩამოყალიბდნენ, ეს კონსილიუმი არსებობს თუ არ არსებობს, იმიტომ რომ იუსტიციის მინისტრმა ეგ თქვა, პენიტენციურმა თქვა, რომ არ გაუქმებულა არსებობსო.

ერთმანეთში მაინც ჩამოყალიბდნენ რას აკეთებენ, მაგრამ ჩამოყალიბებული არიან მთავარ რამეში, რომ ეს კაცი მოკვდეს და ეს კაცი დაიღუპოს, ამაში ჩამოყალიბებული არიან სრულიად შეთანხმებულად”,-თქვა ნიკა გვარამიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, სანამ ის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, საჭირო აღარ არის.

გაბუნიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ახლა იმყოფება გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი უწევს სამედიცინო მეთვალყურეობას.

ამის თაობაზე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინცაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

„იუსტიციის სამინისტრო მართავდა ამ კონსილიუმს თითქმის ერთი თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც უკვე მოხდა პაციენტის გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, კონსილიუმის, გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. ამ შემთხვევაში თავად გლდანის სამედიცინო დაწესებულებას აქვს იმის შესაძლებლობა და აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალობის სპეციალისტი, რომელიც დასჭირდა“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ გლდანის სამედიცინო დაწესებულებას არ შეუძლია ადგილზე შექმნას კონსილიუმი. ეს მისი განმარტებით, არის ჩვეულებრივი სტანდარტული სამედიცინო პროცესი, რაც სხვა ნებისმიერ პაციენტთან დაკავშირებით მოხდებოდა, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში.

გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, „ეს არის აღწერილი რეგულირების სააგენტოს დასკვნაში”, რაც, მისი თქმით, ნიშნავს, რომ იქ არის ყველა შესაბამისი პირობა „შიმშილობის და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში მდგომარეობის მართვისთვის“. საუბარი არ არის ნეიროქირურგიული ან კარდიოქირურგიული ჩარევების საჭიროებაზე. „არ არის ამგვარი საჭიროება და არც ერთი სტანდარტული გაიდლაინი არ ამბობს რომ ამგვარი რისკები უნდა იყოს გათვალისწინებული მსგავს მდგომარეობებში. ეს არის სტანდარული საავადმყოფო, რომელსაც აქვს ინტენსიური თერაპიის გაწევის შესაძლებლობა“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, შესაბამისად, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროები ამჟამად სამედიცინო კონსილიუმის არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავენ, „პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია სპეციალისტის მოწვევა, მეორე აზრის მოსმენა, გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში“.

თამარ გაბუნის თქმით, ექიმების იმ გუნდის სამედიცინო სერთიფიკატები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობას მართავს, რეგულირების სააგენტოს შემოწმების საფუძველზე გათვალისწინებულ პირობებს შეესაბამება.

დეღეს, 16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდის ინფორმაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მან გადაწყვეტილება ახსნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და იმით, რომ „პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ.

ახალი ამბები 20:00 საათზე –16/11/21

მსგავსი პოსტები

Back to top button