სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს თავისი პირადი მიზნებისთვის
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, საჯარო გახადოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მგზავრობასთან დაკავშირებით ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისთან” დადებული ხელშეკრულებები.
სახელმწიფო უწყება იმ ხელშეკრულებებს განასაიდუმლოებს, რომლებიც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის 2010-2012 წლებში მგზავრობას.
თავდაცვის სამინისტრო ამას “საზოგადოების მაღალი ინტერესით” ხსნის. ამ გადაწყვეტილებას კი წინ უსწრებდა “TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი ევროპაში ჩარტერული რეისით სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საუბარია 14 მილიონ ლარამდე ხარჯზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები გასაჯაროვდეს.
როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, საკითხზე თავდაცვის უწყებაში კომისია შეიკრიბა.
„დღეს თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია და მიღებული იქნა დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება. ის, რომ პრეზიდენტის ჩარტერები თავდაცვის უწყებიდან ფინანსდებოდა, მინიჭებული იყო გრიფით საიდუმლო სტატუსი, ვინ იყვნენ თანმხლები პირები, რა ლოკაციებზე იყო ფრენები განხორციელებული – ეს ყველაფერი კომპლექსურად დიდ ეჭვს იწვევს. შესაბამისი დანაყოფი პარალელურად მოკვლევით სამუშაოებს აწარმოებს და პროკურატურასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, როგორ წარიმართება საქმე. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა დეტალი ეტაპობრივად გახდება საჯარო“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ
ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, სააკაშვილის ფრენები ქვეყნის განვითარებას ემსახურებოდა.
“სააკაშვილი სადაც დაფრინავდა, მერწმუნეთ, მთელმა საზოგადოებამ იცოდა ყველა მისი გადაადგილების წერტილი. შეგიძლიათ ამოიღოთ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ჩადიოდა, რა მიზნით ჩადიოდა. ზუსტად ვიცი, ეს ფრენები ემსახურებოდა საქართველოს განვითარებას,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი კი, გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს.
“ის ხელისუფლება აღარ არის 12 წელია. 12 წელია “ქართულ ოცნებას” შეეძლო აღეძრა შესაბამისი საქმეები. აგერ ორი წელიწადია უკვე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის და თუ რაიმე დამატებითი დანაშაული იყო მის წინააღმდეგ, ალბათ ორ წელიწადში მოძებნიდნენ,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ ფრენებზე ინფორმაციის გავრცელების მიზანია, გადაიფაროს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის სამთავრობო თვითმფრინავით ევროპაში გადაფრენის ამბავი. მისი თქმით, ფრენები სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სრულდებოდა როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით.
“უსუსური მცდელობაა, გადაფარონ ღარიბაშვილის ბავშვის სეირნობის ამბავი”, – ამბობს თემურ ჯანაშია.
ის ასავე ამბობს, რომ პრეზიდენტი იყო უმაღლესი მთავარსარდალი, შესაბამისად მას ემსახურებოდა ბორტი N1, რომელიც რეგისტრირებული იყო თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. ჯანაშია აღნიშნავს, რომ ხელისუფლება შერჩევითად საჯაროს ხდის 2010-2012 წლებში სააკაშვილის მგზავრობის შესახებ ინფორმაციას მაშინ, როცა მისი პრეზიდენტობა თითქმის კიდევ ერთი წელი გრძელდებოდა.
“პრეზიდენტის უფლებამოსილება გრძელდებოდა 2013 წლის ნოემბრამდე – შესაბამისად, ასეთი გადაფრენები იყო ამ დროსაც, როცა ხელისუფლება იყო შეცვლილი, პრემიერი იყო ბიძინა ივანიშვილი. თუ ეს უკანონობა იყო, რატომ გაწევდა სახელმწიფო ამ ხარჯებს? ეს არის კითხვა, რომელიც მაქვს. 2012 წლამდე ჩადენილ “დანაშაულებს” ვიკვლევთ, ეს შერჩევითი სამართალია თუ პოლიტიკური დევნის იარაღი?” – განაცხადა მან.
აღშფოთებული ვარ, რომ სააკაშვილი თურმე თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე პირადი მიზნებისთვის დაფრინავდა და აქამდე მალავდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სიყალბეა, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს.
„აღშფოთებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი თურმე თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე პირადი მიზნებისთვის დაფრინავდა და „ქართულმა ოცნებამ“ ამის შესახებ საზოგადოებას 2023 წლამდე დაუმალა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციული სკანდალი იყოს გამართლებული. თურმე, იცოდნენ, რომ სააკაშვილის მხრიდან თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე არამიზნობრივი ხარჯები იყო და აქამდე მალავდნენ. ეს მხოლოდ მაშინ გაასაჯაროვეს, როცა ირაკლი ღარიბაშვილს დასჭირდა. ეს არის მთელი სიყალბე, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენების დაფინანსებასთან დაკავშირებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სახელმწიფოს მიმართ.
მისივე თქმით, მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა საკუთარ კეთილდღეობას მილიონობით ლარი მოახმარა.
“ეს ფაქტი თავისთავად კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას სახელმწიფოს მიმართ. ისინი სახელმწიფოს განიხილავდნენ როგორც თავიანთ საკუთრებას, ხალხის მიმართაც ეს დამოკიდებულება ჰქონდათ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი საბოლოოდ, მაგრამ აშკარად იკვეთება, რომ უბრალოდ აიღო და პირად კეთილდღეობას მოახმარა სააკაშვილმა მილიონობით ლარი,” – აღნიშნა კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, როგორც იკვეთება, თავისი პირადი მიზნებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის პერიოდში გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
„რაც შეეხება ბიუჯეტიდან ხარჯვას პირადი მიზნებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია და არანაირად გამართლებული არ არის. მით უმეტეს საუბარია ადამიანზე, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ბიუჯეტიდან ხარჯავდა თანხებს, როგორც იკვეთება, თავისი პირადი მიზნებისთვის, პირადი გადაადგილებისთვის. ალბათ გამოძიება უნდა დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და მოიკვლიოს ყველა დეტალი, თუ რა ხდებოდა რეალურად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც წესი, რადიკალური ოპოზიცია ისეთ საკითხებს დააყენებს ხოლმე, მერე თვითონ უტრიალდებათ, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე დაიწყეს ლაპარაკი, სადაც ნათელია ყველაფერი და დეკლარაციაშიც ყველა კარგად დაინახავს, მიიღეს ის, რომ გავიგეთ, თურმე პატიმარ სააკაშვილს თავის დროზე საკრედიტო ხაზები ჰქონია გახსნილი სამინისტროებში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კომერციულ ბანკებში კი არ ჰქონდა გახსნილი საკრედიტოები, არამედ სამინისტროებში, ოღონდ ისე, რომ არ უნდა დაებრუნებინა.
„მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში 24 მილიონიანი საკრედიტო ხაზი ჰქონია გახსნილი პროცენტებისა და დაბრუნების გარეშე, საიდანაც აითვისა 14 მილიონი. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან ამ ინფორმაციით, რადგან აქ საუბარია საკმაოდ დიდ თანხებზე და საუბარია იმაზე, რომ ხელშეკრულებაც კი არსებობდა. მისი პირადი ვიზიტები ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჯარის ბიუჯეტიდან, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უბრალოდ გასატარებელი და ცნობად მისაღები არაა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩარტერული რეისი, რომელსაც პრემიერი შვილთან ერთად მიჰყავდა თბილისიდან მიუნხენში, სამთავრობო თვითმფრინავით შესრულდა. მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, ეს იყო კომერციული ჩარტერული რეისი.
„რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, – განმარტა სტრატკომმა.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.
12 სექტემბერს კი მხოლოდ ოთხ ტელევიზიას: “რუსთავი 2-ს”, “იმედს”, “პოსტვ-სა” და საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა შესაძლებლობა, ჩაეწერა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც ამ ფრენის ხარჯებზე ილაპარაკა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა. ტარიელ ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახელია.
14 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, საჯარო გახადოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მგზავრობასთან დაკავშირებით ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისთან” დადებული ხელშეკრულებები.
თავდაცვის სამინისტრო ამას “საზოგადოების მაღალი ინტერესით” ხსნის. ამ გადაწყვეტილებას კი წინ უსწრებდა “TV პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოქმედმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილი ევროპაში ჩარტერული რეისით სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა. “საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად”, – წერია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ საუბარია 14 მილიონ ლარამდე ხარჯზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან.