სააკაშვილის დანიშვნა – რეაქციები უკრაინასა და საქართველოში
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე, ვოლოდიმერ ზელენსკი გამოეხმაურა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ “ქართველებმა შეცდომა დაუშვეს”. ზელენსკიმ განცხადება ტელეკომპანია Наш-თან საუბრისას გააკეთა.
“ქართველ ხალხთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ჩვენს ელჩს საქართველოში კონსულტაციებზე უკრაინაში არ გამოვიწვევთ… მიმაჩნია, რომ ეს საქართველოს მხრიდან დაშვებული შეცდომაა. ვფიქრობ, კონსულტაციების შემდეგ, ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკა, ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას და მის მოქალაქეებს.” – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, უკრაინიდან საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.
პრეზიდენტ ზელენსკისთან შედარებით, უფრო თავშეკავებულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. “საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან კი არ გაიწვიეს, არამედ დედაქალაქში კონსულტაციებისთვის დაიბარეს”. – აცხადებს უწყება.
„ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის. ჩვენ ბევრი გადაკვეთის წერტილი და საერთო გამოწვევა გვაქვს.
ამავდროულად, ეპიდემიის გადალახვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია ყველას საერთო ამოცანაა. ეს გამოწვევა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საჭიროებს ახალ მიდგომებსა და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, აქვს დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევები რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომელიც ფართოდაა აღიარებული მსოფლიოში.
ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, გაითვალისწინონ წარმოდგენილი არგუმენტები და არ გახადონ ორმხრივი ურთიერთობები დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.
უკრაინა – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხის ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ყველა მხრივ განვავითაროთ.“ – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თავისივე უწყებასთან შედარებით, უფრო კატეგორიული იყო თავად მინისტრი.
“მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა ვერ მიგვითითებს, სად უნდა დავნიშნოთ ის და სად – არა”. – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ უკრაინულ მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, კიევი ეცდება შეინარჩუნოს სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთან მაშინაც კი, თუ ის უკრაინის მისამართით მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს.
„თუ საქართველოს მხრიდან გადაიდგმება მკვეთრი ნაბიჯები, რას ვიზამთ, გადავიტანთ და მოგვიანებით აღვადგენთ ყველაფერს, რაც დაიკარგა“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მან სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.
„ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრეთ. ეს იყო ძალიან მშვიდი, ზომიერი საუბარი. მან ამიხსნა თავისი მთავრობის პოზიცია, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. პირველი: საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იმდენად განსაკუთრებულია, რომ მას ერთი ადამიანის ბედის მძევლად ვერ ვაქცევთ და მეორე, ჩვენ გვესმის საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი და არ ვერევით მასში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე“. – განაცხადა კულებამ.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას და საქართველოს ელჩის გამოწვევას გამოხმაურება მოჰყვა თბილისშიც.
“ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს”. – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას.
კალაძე რადას დეპუტატებს მადლობას უხდის, რომ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად არ დანიშნეს და ამბობს, რომ შეთავაზებული თანამდებობა მოგონილია.
“მადლობა რადას დეპუტატებს გონივრული გადაწყვეტილებისთვის, რომ სააკაშვილს ვიცე-პრემიერად გამწესების შესაძლებლობა არ მისცეს. მოგონილი თანამდებობა, რომელიც მას ახლა შესთავაზეს, გარკვეუკლ სკეპსისს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა და მიღებული გადაწყვეტილება.. ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს”. – ამბობს კალაძე.
რაც შეეხება უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის საკითხს, კალაძეს არ აქვს ინფორმაცია, როგორ დაბრუნდება ელჩი ქვეყანაში, თუმცა ამბობს, რომ საზოგადოება ამას აუცილებლად გაიგებს.
მიხეილ სააკაშვილის ახალ თანამდებობრივ სტატუსთან დაკავშირებით, თბილისის მერისგან განსხვავებული პოლზიცია აქვს ანალიტიკოს გია ხუხაშვილს.
“მიშამ მიიღო მაპზე უკეთესი, იმიტომ, რომ ვიცე-პრემიერის პოზიცია არის დამოკიდებული პოზიცია და ეხლა ფაქტობრივად, მისი პოლიტიკური წონა არის ბევრად უფრო მაღალი. ბევრად მეტი თავისუფლება აქვს მოქმედებებში და პასუხისმგებლობაც ბევრად უფრო ნაკლები აქვს.” – ამბობს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.