მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის სასამართლო სხდომა 27 ივნისამდე გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, რომელიც კლინიკა “ვივამედში“ გაიმართა, უკვე დასრულდა. პროცესი 27 ივნისამდე გადაიდო, მიზეზი კი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, პროცესი კანონის უხეში დარღვევით და წინასწარ დადგენილი სცენარის მიხედვით გაიმართა.

სხდომას ვერ დაესწრნენ ჟურნალისტები.

“დღეს სხდომაზე გამოიკითხნენ ექიმები. მათ სასამართლოს მიაწოდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია… მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ გაცემულ დოკუმენტში ტრანსპორტირების პრობლემის დასახელებული არ იყო და ის გულისხმობდა ჩვენების მიცემასა და პროცესში ადეკვატური მონაწილეობას”, – თქვა შოთა თუთბერიძემ სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან.

ადვოკატი დღევანდელ, 16 ივნისის სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ ეწინააღმდეგებოდა გასვლითი სხდომის კლინიკაში ჩატარებას, რადგან მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესში მისი ჩართვა შეუძლებელი იქნებოდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მისი ეს პოზიცია არ გაიზიარა და თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული სასამართლო სხდომის კლინიკაში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

“პროცესი გაიხსნა, გაიმართა გასვლითი სხდომა. მე ვფიქრობ, რომ კანონის ძალიან უხეში დარღვევით და წინასწარ დადგენილი სცენარის მიხედვით. პროცესი გაიმართა მიხეილ სააკაშვილის პალატის ახლოს მდებარე ოთახში, სადაც იმპროვიზირებული იყო სასამართლო დარბაზი. ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ წარვადგინეთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, ანუ მივიტანე ხელზე ცნობა, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სხვადასხვა მედიკამენტური მკურნალობის ზეგავლენის ქვეშ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული და მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შესაძლებელია არ იყოს ადეკვატური,” – ამბობს შოთა თუთბერიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპატიმროში შიმშილობის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკურნალობის კურსს გადის კლინიკა “ვივამედში. ოჯახი და გუნდი ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანის ნებართვას ითხოვენ, მთავრობა კი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის ქვეყანაში სექტემბრის ბოლო რიცხვებში, თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.
2018 წელს მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში და 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. ბოლო, მესამე საქმე, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის მუხლით აღიძრა.

მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button