მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, აქცია გაიმართება

“მიშა უნდა გადარჩეს!” – დღეს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, “ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც მის გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

პარტიაში ასევე განმარტავენ, რომ დღევანდელი აქციის მონაწილეებს პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნიათ და მათი მიზანი მხოლოდ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.

აქციას სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც დაესწრებიან, მათ შორის გიგი უგულავა, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, რომ “სანამ მიშა სამშვიდობოს იქნება, ერთი და მხოლოდ ერთი საკითხია, სადაც ვიქნები ყველგან და ყოველთვის”.

„ახლა ყველა სხვა საკითხი, ჩვენი ევროპული მომავალიც ამ საკითხს უკავშირდება. უფსკრულის წინაშე ვდგავართ. ახლა გამოჩნდება, ვართ თუ არა იესოს მცნებების მიმდევარი ერი და ვართ თუ არა ჰუმანური საზოგადოება.

განდევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაბრუნდა სამშობლოში და ის მოაკვდინეს, სიკვდილთან მიიყვანეს. დევნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მას ციხეში კლავენ. მერე გვიან იქნება”, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button