ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ
რამდენიმეთვიანი მსჯელობის შედეგად, G7-ის ქვეყნები და ავსტრალია რუსული ნავთობის ზედა ზღვარზე შეთანხმდა – 1 ბარელი რუსული ნავთობი 60 დოლარი იქნება. ფასის განსაზღვრა მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნებმა პოლონეთის მხარდაჭერაც მოიპოვეს და იმავე დღეს პოლიტიკური შეთანხმება გააფორმეს. პოლონეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც არ ეთანხმებოდა ფასების ზღვარს.
ქვეყნები ფიქსირებული ფასის ძალაში შესვლის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს შესაძლოა 5 დეკემბერს მოხდეს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, ფასის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად კოალიციამ დაწესებულ ზღვარს სამომავლოდ გადახედოს.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და დააყენეს მკაცრი ლიმიტი, რაც ბარელზე 30 დოლარს გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებაში, 70-დოლარიანი ზღვარი მოითხოვეს.
მანამდე კი რუსული ენერგორესურსების ტრანსპორტირების ღირებულება თითქმის გაორმაგებულია. Bloomberg-ის ცნობით, 5 დეკემბრის შემდეგ, ბალტიის ზღვის პორტებსა და ინდოეთს შორის ტვირთის დატვირთვისა და გადაზიდვის განაკვეთმა, შესაძლოა, დაახლოებით $15 მილიონს მიაღწიოს. ადრე ეს თანხა 9 მილიონიდან 11,5 მილიონ დოლარამდე მერყეობდა.
რუსეთმა პირობა დადო, რომ არ მიყიდის ნავთობს საბაზრო ფასებზე დაბალ ფასად იმ ქვეყნებს, რომლებიც საქნციებს შეუერთდებიან.
პოლონეთმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა უარი თქვეს ამ ფასზე ვინაიდან, მათი აზრით ეს ვერ უზრუნველყოფდა მთავარი მიზნის – მოსკოვისთვის უკრაინაში ომისთვის საჭირო ფინანსების წყაროს შეწყვეტას.
დასავლეთმა რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებაზე საუბარი გასულ თვეებში დაიწყო. დიდი შვიდეულის ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ფასების ლიმიტის დაწესება შეამსუბუქებს ზეწოლას ენერგეტიკულ ბაზარზე და შეამცირებს რუსეთის მთლიან შემოსავალს ნედლი ნავთობიდან.
წარდგენილი ზღვრის მიზანია, გადამზიდავ და სადაზღვევო კომპანიებს აეკრძალოთ რუსული ნედლი ნავთობის გადატანა მთელს მსოფლიოში, თუ ის არ გაიყიდება G7-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დადგენილზე ნაკლებ ფასად.
მოლაპარაკებები ასევე ფოკუსირებული იყო აღსრულებაზე, გამჭვირვალობაზე და ევროკავშირის სანქციების პოტენციურ ახალ ნაკადზე. „ევრონიუსს“ რამდენიმე დიპლომატმა განუცხადა, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული იყო პარასკევს, საღამოს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა შუალედურ ზღვარს მხარი დაუჭირა. მანამდე, მსგავსი გადაწყვეტილება „დიდი შვიდიანის“ წევრმა ქვეყნებმა მიიღეს.
რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, რომელიც აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა დააწესეს, პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ხდება თავისუფალი ბაზრის ძირითადი პრინციპების შეცვლა, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
„ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული დისბალანსი გამოწვეულია მათი გაუთვლელი ქმედებებით. პირველ რიგში – რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება და ჩვენი ქვეყნიდან ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვა. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს გადაჭრას ის საკითხები, რომლებიც თავად შექმნა იმპულსურად. ფაქტობრივად, ჩვენ მოწმე ვართ თავისუფალი ბაზრების ძირითადი პრინციპების გარდაქმნის მოწმეები“,- აცხადებენ საელჩოში.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა და ავსტრალიამ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, ერთი ბარელის ფასის ზედა ზღვარი 60 აშშ დოლარს შეადგენს….