მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა არ მიუღიათ და “ყველას მოუწოდებენ, ამ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ”.

უწყების თქმით, სააკაშვილი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა და სამედიცინო ღონისძიებები უტარდება.

„საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას, გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ” – წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტები მიუთითებენ რომ ის მოწამლულია.

გელბახიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება იძლევა ამის თქმის საფუძველს ვინაიდან სხვა დაავადებები ამგვარად არ განვითარდებოდა.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ასევე განაცხადა ჟურნალისტებთან რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. მისი თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში ნივთიერება მხოლოდ ხელოვნურად შეიძლებოდა მოხვედრილიყო, თუმცა უცნობია რა გზით.

ცნობისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან, დღეს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია -„თავისუფლება მიშას“ გაიმართება.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს არის ზეპარტიული საკითხი და შეკრება პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს.

„იქნებიან ჩემი მეგობრები სხვადასხვა პარტიიდანაც. გელოდებით ყველას, ვისთვისაც ჩვენი ქვეყანის მომავალი მნიშვნელოვანია! მე და თემო ჯანაშია ამ აქციაზე ვიქნებით და ვაპირებთ ჩვენს მეგობრებთან – თქვენთან და თავმჯდომარეობის კანდიდატებთან ერთად მიშას გადარჩენასა და გათავისუფლების საკითხზე მსჯელობას.

აქვე მინდა გთხოვოთ ყველას, აქციაზე არ გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები, რადგან ადვოკატებს რაიმე ფორმით ხელი არ შეეშალოთ, მიშას საქმის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე“, – წერს გიორგი ჩალაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button