საათების კოლექცია, მიწის ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები-სააკაშვილმა დეკლარაცია გამოაქვეყნა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2015 წლის ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა.

დეკლარაციის თანახმად, სააკაშვილი საქართველოში 6820 კვ.მ. და 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს ფლობს, ასევე 97 კმ.მ. ფართის საცხოვრებელ ბინას. იგი ოდესაში სარგებლობს 54 კვ.მ ფართის ოთახით, რომლის მფლობელი მესამე პირია.

ოდესის გუბერნატორმა 2015 წელს ხელფასის სახით 38 601 გრივნა აიღო. სააკაშვილის ანგარიშზე ბანკ Societe General-ში 57 ათას დოლარია, ხოლო უკრაინის სახელმწიფო შემნახველ ბანკში 129 950 გრივნა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა დაადეკლარირა მაჯის საათები: Rolex Deepse stainless steel და Hublot classic fusion.

სააკაშვილის დეკლარაციაში მითითებულია, ასევე მისი ვაჟის – ნიკოლოზის ანგარიში რომელიც ბანკ ING-ში 35 ათასი ევროს შეადგენს.

თავის მხრივ, ექს-პრეზიდენტის მეუღლემ – სანდრა რულოვსმა დაადეკლარირა 280 კვ.მ. ფართის ბინა საქართველოში და 13 ათასი ევრო ბანკში.

როგორც ცნობილია, 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ხოლო 30 მაისს ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მონაცემებით, სააკაშვილის შემოსავალმა 97 ათასი დოლარი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button