მნიშვნელოვანისიახლეები

საბა სხვიტარიძის სასამართლო სხდომაზე დაპირისპირება იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე ხმაური იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოლიციელების დარბაზიდან გასვლა მოითხოვეს.
აღნიშნულის მიზეზი ბრალდებულების ახლობლებისა და ოჯახის წევრების უკმაყოფილებაა, რომლებიც დარბაზის შეცვლას ითხოვენ. კერძოდ კი, მათი თქმით, სხდომათა დარბაზში დიდი ოდენობით არიან სამართალდამცავები წარმოდგენილი, რის გამოც, პროცესზე დასწრება ოჯახის წევრებს დარბაზის სიმცირიდან გამომდინარე არ შეუძლიათ.

პოლიციელები სხდომაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მივიდნენ და ერთმანეთის მიყოლებით მდგომი სკამების პირველი ორი რიგი დაიკავეს, რის გამოც სხვიტარიძის ახლობლებისთვის ადგილი აღარ დარჩა. პოლიციელები ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ, რომ „დაინტერესებული პირები“ იყვნენ და სხდომაზე დასწრება სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის მანდატურის თანამშრომლები ჩადგნენ.

„ჟურნალისტებს არ უშვებდით და ჩვენ არ გვიშვებდით. რვა პოლიციელი რა უბედურებაა?!“ – მიმართავდა საბა სხვიტარიძის ახლობელი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.

მდგომარეობის განსამუხტად მოსამართლემ 15-წუთიანი შესვენება გამოაცხადა. მისი გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზში დაუშვეს დაკავებულის ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი, რომლებიც საქმის განხილვას სისტემატურად ესწრებიან.

სხდომა მას შემდეგ განახლდა, რაც პოლიციელებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. დღევანდელ სხდომაზე საქმის გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი დაიკითხა.
გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი, რომელიც პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოიკითხა, სხდომის შემდეგ სასამართლოს შენობა შეძახილების ფონზე — „მონა ედიშერაშვილი“ — პოლიციის თანხლებით დატოვა.

სასამართლოსთან პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა ერთი პირი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს.

პროცესზე ედიშერაშვილმა განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი პირადად არ დაუთვალიერებია, ვიდეოკადრებზე ექსპერტიზა არ დაუნიშნავს და არც პოლიციელ მირიან ქავთარაძეს დაუკითხავს.

საბა სხვიტარიძემაც დაუსვა გამომძიებელს კითხვები — რატომ არ მოითხოვა მის დაზიანებებზე პასუხები, რატომ არ დაიბარეს ადვოკატი ან სასწრაფო. ედიშერაშვილმა უპასუხა, რომ ბრალდებული მშვიდად იჯდა და მსგავსი მოთხოვნა არ გაუჟღერებია.

ადვოკატებმა პროცესზე აღნიშნეს, რომ საქმეში მრავალი პროცედურული დარღვევაა და შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ძალის გადამეტებას, რაც არ გამოკვლეულა.

ყველა გამომძიებელი და ყველა პოლიციელი იტყუება. მათ სურთ საკუთარი ქმედებების გადაფარვა , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც საქმის გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი დაიკითხა.

ადვოკატის თქმით, როგორც არ უნდა დამთავრდეს სისხლის სამართლის საქმე, გაგრძელდება საერთაშორისო დონეზე.

„სისხლის სამართლის ამ საქმეზე ყველა გამომძიებელი და პოლიციელი იტყუება. მათ სურთ საკუთარი ქმედებების გადაფარვა. რაც უფრო მეტს ისაუბრებენ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან, მით უფრო მეტი წინააღმდეგობა გამოიკვეთება ჩვენებებს შორის. ზუსტად იცოდეს ყველამ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე როგორც არ უნდა დამთავრდეს, გაგრძელდება საერთაშორისო დონეზე, ჩამოვა აუცილებლად კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და ჩვენ თავის დროზე აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ყველა პირის დადგენაში. ეს პირები დადგენილი იქნებიან და მინიმუმ მოშორებული იქნებიან სისტემას იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი ადამიანები მუშაობდნენ სისტემაში“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

სასამართლო პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა საბა სხვიტარიძის ძმამ, თორნიკე სხვიტარიძემაც და გამომძიებლის, სალომე ედიშერაშვილის ჩვენების დეტალები შეაფასა.

“გამომძიებლის ჩვენებიდან ის გავიგეთ, რომ არ აინტერესებდა გარემოება, თუ რატომ მოხდა, რისთვის მოხდა დაძაბულობა შეხვედრაზე მყოფი ადამიანების მიმართ და ამბობს, რომ იყო აქცია, როცა არ ყოფილა არასდროს თავისუფლებაზე აქცია და სპეცრაზმს ჰქონდა ჩაკეტილი იქაურობა.

რაც შეეხება დაზიანებებს, დაზიანება ვერ შევამჩნიეო, ჩემმა თანამშრომელმა შეამჩნიაო. ასევე, გენერალურ ინსპექციას აქვს საბას ტანსაცმელი, რომელიც არის დახეული. თურმე, ესეც ვერ შეამჩნია, რომ დახეული ტანსაცმელი ეცვა ჩემს ძმას”, – განაცხადა თორნიკე სხვიტარიძემ.

აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შეიკრიბა შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღქმით, ისინი იყვნენ ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დარაზმა.

სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რომელიც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ ბრალდებით მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იმის მიუხედავად, რომ პროევროპული აქციების დაშლის დროს პოლიციამ ათობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე იძალადა, არცერთი მოძალადე სამართალდამცავი ამ დრომდე არ არის დაკავებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button