,,ერთადერთი ხელისუფლება ვართ რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია,,-კალაძე

ერთადერთი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს შენარჩუნებული.
„ერთადერთი ხელისუფლება ვართ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის უამრავი მტერი და ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველო ჩართულიყო ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი, იყო ძალიან დიდი შემოტევები უცხოეთიდან, რომელიც დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის შანტაჟი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და არავის მივცეთ შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავთმოთ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა – ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას, დედაქალაქის მერის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის განცხადებები კეთდება, რადგან ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად.
„შანტაჟი უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და გრძელდება. ჯერ იყო კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემა, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება. ჩვენ არავის ვერჩით, არავის ვესხმით თავს, უბრალოდ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, მის ინტერესს და არ გვინდა, ვინმეს მივცეთ ჩვენი ქვეყნის გამოყენების შესაძლებლობა ცუდ კონტექსტში, სათავისოდ. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა აშანტაჟოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ევროპა და ევროპული ღირებულებები რატომ გვინდა? რა არის მისი მთავარი ფუნდამენტი? ეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, ბიზნესის ხელშეუხებლობა. გვახსოვს წლები, როდესაც ყველა ეს ღირებულება ფეხქვეშ იყო გათელილი, როდესაც ბიზნესს ატერორებდნენ, განსხვავებულ აზრს დევნიდნენ, ხალხს იჭერდნენ და ღამის საათებში ციხეებში ბიზნესებს აფორმებინებდნენ, ამ ყველაფერს კი ეს ევროპელი ბიუროკრატები წლების განმავლობაში „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებდნენ. ასეთი „დემოკრატიის შუქურა“ თავისთვის დაიტოვონ. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, სადაც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
წლებია, ოპოზიცია ღიად იბრძვის და არასოდეს მალავს, რომ გარკვეული სიები არსებობს, რომელსაც, მაგალითად, გეგელია ადგენს, ჩააქვს ბრიუსელში და ევროპელ პოლიტიკოსებს ეუბნება, რომ ეს ადამიანები დასასანქცირებელი არიანო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ოპოზიციის გეგმაა, რათა ქვეყანას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, და საზოგადოება გააღიზიანონ.
„ლარის კურსზე შეტევა გაითვალისწინეთ. ეს ყველაფერი ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საქართველოში რაც უფრო ცუდი ვითარება იქნება, მათთვის უკეთესია. შემდეგ დაპირებები მოდის ათასლარიანი პენსიების და ა.შ. ფონს გასვლა სწორედ ამ ზღაპრებით უნდათ. პროცედურულად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადვილი არ არის, რადგან ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღებისას თავისი რეგლამენტი უნდა შეცვალოს. მეორე მხრივ, ეს უნამუსო და უსინდისო დამოკიდებულება იქნება იმ კანდიდატი ქვეყნის მიმართ, რომელიც ყველა კანდიდატ ქვეყანას ყველა მაჩვენებლით წინ უსწრებს.
ვხედავთ, რომ მსოფლიო კონიუნქტურა იქმნება არა ფაქტებიდან, არამედ გარკვეული ტრენდებიდან, რაც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას აქვს. რასაკვირველია, „დიფ სთეითის“ არსებობა რეალობაა და გავლენას მხოლოდ საქართველოზე არ ახდენს. მიგრაცია ერთ-ერთი პრობლემურია, მაგრამ ეს პრობლემები ევროპულ ქვეყნებში ღრმად არის გამჯდარი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიაში თქვა, რომ მათთვის მიგრაცია აუცილებელია, რათა გერმანიაში შობადობა გაიზარდოს. ეს უკმეხი გამოთქმაა, რაც არასტანდარტულია პოლიტიკოსისთვის, თუმცა ეს მიმანიშნებელია იმ არაჯანსაღი სიტუაციის, რაც ამის გამო შეიქმნა. რასაკვირველია, მიგრაცია სერიოზული პრობლემაა და მას გარკვეული მექანიზმი უნდა დაუპირისპირონ, მაგრამ მათ ასე წარმოუდგენიათ, რომ 61 ქვეყანას სავიზო რეჟიმი უნდა შეეზღუდოს, რათა მათი გავლით ევროპულ სივრცეში ის ადამიანები არ მოხვდნენ, რომელთაც თავისუფალი სავიზო რეჟიმი არ აქვთ.
არ შეიძლება, ევროკავშირში რაღაც საკითხს ქვეყნების ნაწილი წყვეტდეს და ამის წინააღმდეგი თუნდაც მცირე ნაწილი იყოს. ასეთ შემთხვევაში ევროპული საზოგადოება დაიყოფა და გარკვეული პოზიციების მქონე ქვეყნებად დაიხლიჩება, მაშინ როცა ევროსტრუქტურების იდეა და აზრი ის უნდა იყოს, რომ კოორდინაცია მოახდინოს და საერთო პოზიციაზე გავიდეს. „დიფ სთეითის“ დავალება იმდენად ხისტი და მძიმეა, რომ უტიფარი პოზიციის გაჟღერებისგან თავს ვერ იკავებენ. შიდა კონსულტაციები კი არ მიდის, პირდაპირ ამბობენ, რომ ეს საკითხი ასე უნდა გადაწყდეს და ამას ადმინისტრაცია ამბობს და არა ევროპელი ამომრჩეველი. ევრობიუროკრატია არსებობს, რომელსაც კონკრეტული ამოცანა აქვს და მისთვის ეს მიზანი ნებისმიერ საშუალებას ამართლებს. არ შეიძლება, ევროპული ქვეყნების ნაწილმა მეორე ნაწილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღოს, რადგან ევროკავშირის იდეა სწორედ კონსენსუსი და გამჭვირვალობა, სამართლიანობაა. ეს ადრე თუ გვიან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროკავშირის მიერ სავიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება დაშინების მექანიზმია, რომელიც შემორჩენილია იმისთვის, რომ უკრაინაში ომის მსვლელობის პირობებში „დიფ სთეითს“ საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა ისევ დარჩეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ არა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სურს, არამედ რომელიც „დიფ სთიეთს“.
„არ მგონია, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იკადრებს და ქართველ ხალხზე იმგვარი ზეწოლა მოხდება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ქართველი ხალხის სულისკვეთება ევროპული მომავალია. ქართველმა ხალხმა დასავლეთთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან და ამერიკასთან ურთიერთობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ყველა დასავლური წამოწყების მაქსიმალურად მხარდამჭერი ყოფილიყო, მათ შორის იყო ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ნატო-ს მისიებში. ეს დაშინების მექანიზმია, რომელიც შემორჩენილია იმისთვის, რომ უკრაინაში ომის მსვლელობის პირობებში „დიფ სთეითს“ საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა ისევ დარჩეს. ეს იყო ზეწოლა ქართულ საზოგადოებაზე, რომ მიაღებინონ არა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სურს, არამედ რომელიც „დიფ სთიეთს“ და უკრაინაში ომის გამჩაღებლებს სურთ, მაგრამ, ბუნებრივია, ამას ვერ ეღირსებიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციის დიდი მოღალატეობრივი სინდიკატია – ორჯონიკიძეები, შადიმანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ღალატით არ იღლებიან.
„ოპოზიცია არის ერთი დიდი მოღალატეობრივი სინდიკატი საქართველოში, ცოცხალი, ხელშესახები ორჯონიკიძეები, შადიმანები, რომლებიც არ იღლებიან საკუთარი ქვეყნის ღალატით. აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადიან და ითხოვენ, რამენაირად ქართველი ხალხი დაისაჯოს, მაგრამ ბუნებრივია, მათ მცდელობას საბოლოოდ წარმატება არ ექნება. ის მნიშვნელოვანი ევროპული გზა, რომლის საქართველომ დღემდე გამოიარა და რომელსაც აგრძელებს, ბუნებრივია, დასრულდება იმით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.