მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საბავშვო ბაღებისთვის ცხენის ხორცის მიმწოდებელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია ერთ-ერთი კერძო კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც სამტრედიის ბაგა-ბაღებში საკვებად შეიტანა ცხენის ხორცი.

მას ბრალად ედება მომხმარებლის მოტყუება და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა საქონლის ხორცი.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებული იყო წარედგინა დამკვეთისათვის მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა, ბრალდებულმა პირმა დანაშაულებრივი განზრახვით გააყალბა ხორცის ვეტერინალური მოწმობები და საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, ნაწილობრივ შეიტანა ცხენის ხორციც.

მსგავსი პოსტები

Back to top button