“საგამოძიებო კომისია”, “გამოუცხადებლობის გამო”, მამუკა ხაზარაძის საქმეს პროკურატურაში გაგზავნის

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა.
მისივე თქმით, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული.
საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა.
„მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, მან თავის „ფეისბუქპოსტიდან“ გამომდინარე აღარ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანიც კი, აპირებდა თუ არა დღეს მოსვლას, ხომ არ მოიცლის ხვალ, ორ დღეში, ერთ კვირაში და ხომ არ გამოცხადდება იქამდე, ვიდრე კომისია მუშაობას დაასრულებს. იმ ტექსტიდან გამომდინარე, აქ ეჭვი არ არსებობს. მინდა, შემოგთავაზოთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ნორმა. არის ასეთი მუხლი – ნომერი 349, რომელშიც წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის ერთ წლამდე პატიმრობაც.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, რომელსაც, როგორც ახლა ირკვევა, უნდა ჰქონდეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეზე და უშუალო ფუნქცია ჰქონია შპს „მაგნატის“ ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით. ბატონმა ბადრიმ, მას შემდეგ, რაც სამდივნო დაუკავშირდა მამუკა ხაზარაძეს, იმავე ნომრიდან შესულ ზარებს აღარ უპასუხა. არ მინდა, ვარაუდებში წავიდე და ვთქვა, რომ ორ პირს შორის კავშირი შედგა და სწორედ ამის შედეგად არ ისურვა ბატონმა ბადრიმ, ზარებს გამოხმაურებოდა“, – განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძეს კიდევ აქვს საშუალება, კომისიის სხდომაზე 16.00 საათამდე მივიდეს.
საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომა განიხილავდა შპს „მაგნატის“ საქმეს. სხდომაზე გამოიკითხა შპს „მაგნატის“ მფლობელი, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე, რომელიც „თიბისი ბანკს“, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და დავით კეზერაშვილს ქონების წართმევაში ადანაშაულებს.
ამასთან, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დღეს დაწერა: „დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან, მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ“.
კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:
საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
„ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.