ხაზარაძემ საგამოძიებო კომისიას ,,ნაც-მოძრაობის მთავარი დამფინანსებელი,, ივანიშვილის დაბარება ურჩია

კოალიცია ცვლილებისთვის აცხადებს, რომ ქართული ოცნების ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ წინა ხელისუფლების “საქმიანობის შემსწავლელ” საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
კოალიციის განცხადებით, პროცესის მიზანი ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანაა.
“კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არც ერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი.
ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია. არ ვაპირებთ, ოლიგარქს ამის შესაძლებლობა მივცეთ.
მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე”, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
24 მარტს ქართული ოცნების არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილმა წინა ხელისუფლების “საქმიანობის შემსწავლელმა” საგამოძიებო კომისიამ ლელოს ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.
დღეს, კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისია მამუკა ხაზარაძის გამოუცხადებლობის გამო მასალებს პროკურატურას გადასცემს.
კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის თქმით, სამდივნომ ხაზარაძეს რამდენიმე დღის წინ ტელეფონით აცნობა კომისიის სხდომაზე გამოცხადების საჭიროება და განსახილველი საკითხი. მისი თქმით, ხაზარაძემ ეს ფაქტი გაიკვირვა და წერილობითი შეტყობინების გაგზავნა მოითხოვა.
წულუკიანის განცხადებით, სამდივნომ ხაზარაძეს ინფორმაცია წერილობითაც გაუგზავნა “ვათსაფისა” და “სიგნალის” მეშვეობით, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომისია მას შპს “მაგნატის” საქმეზე გამოკითხვას ითხოვდა.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას საგამოძიებო კომისია სთავაზობს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოცხადდეს კომისიაზე და კითხვებს უპასუხოს. აღნიშნული შეთავაზების შესახებ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა ჯარიმით ან ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
არალეგიტიმური პარლამენტის “საგამოძიებო კომისიაში” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც დაიბარეს. “საგამოძიებო კომისია” “გამოუცხადებლობის გამო”, მამუკა ხაზარაძის საქმეს ოლიგარქის პროკურატურაში გაგზავნის.
დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან, მოწვევაც მივიღე – „სიგნალში”. მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ! – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე წერს, არ აღიარებს ე.წ. პარლამენტს, რომელიც არალეგიტიმურია, ისევე როგორც მის მიერ შექმნილი კომისია.
„ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი „ნაციონალური მოძრაობის“ – ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს.
კარგად გამოჰკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული „ნაცების“ მხარდაჭერაში.
ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის „ნაცმოსამართლე“ და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ „ოცნების“ რიგებში.
ამ ე.წ პარლამენტს არ ვაღიარებ! ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მის მიერ შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს, იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რისი მცდელობაც აგერ უკვე ხუთი წელი აქვთ.
სამწუხაროა, რომ „ოცნება“ ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს.
აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ.
ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!
P.S „ოცნების” პროპაგანდისტი ხელისუფლება, ბოლო ხუთი წელია, ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენ წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში „ოცნების“ მხრიდან ცილისწამებაზე. დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე არიან დაბარებული.
ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად არ მივიჩნევ, არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე ჩემი გაშავება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძე გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ საკითხს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.
„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივი, რომელიც თავის თავს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უწოდებს, მიბარებს რაღაც ჩემთან სრულიად აბსურდულად და ხელოვნურად დაკავშირებული თემის ირგვლივ გამოძიებაზე.
მსურს, ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო – მე არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად! მიმაჩნია, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს.
ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ ვაპირებ!
მე სადეპუტატო მანდატი სწორედ იმის გამო დავტოვე, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი. ეს არის გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ფორმირებული, ქმედუუნარო, ერთპარტიული დაჯგუფება.
ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაც არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის ასევე არის ერთპარტიული. კანონი კი სრულიად სხვა პროცედურებსა და შემადგენლობას მოიცავს.
ამიტომ მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში ჩემი, გაშავება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იზეიმოს კანონის უზენაესობამ და ქვეყანას ჰყავდეს კანონიერი, თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი, რომელიც სწორედ კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით შექმნის საგამოძიებო კომისიას და გამოიკვლევს ყველა იმ სამართალდარღვევას, რომელიც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში მომხდარა“, – წერს ბადრი ჯაფარიძე.
საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე შპს „მაგნატის“ საქმე განიხილეს და გამოიკითხა შპს „მაგნატის“ მფლობელი, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე, რომელიც „თიბისი ბანკს“, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და დავით კეზერაშვილს ქონების წართმევაში ადანაშაულებს. სხდომაზე მიწვეული იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომისიაში მისვლას და „ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხი დააყენა კენჭისყრაზე, რასაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის საკითხს, თეა წულუკიანის თქმით, კომისიის ხვალინდელი სხდომის დაწყებისას განიხილავენ საკითხს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.
ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში! რეჟიმის მიერ თვითმარქვია პარლამენტში შექმნილი „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ საგამოძიებო კომისიას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობას სწავლობს.
„არალეგიტიმური და სრულ იზოლაციაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმი მორიგ ფარსს დგამს ე.წ. საგამოძიებო კომისიაში ჩვენი დაბარებით, რომელსაც სამი მიზანი აქვს:
თვითმარქვია პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაში ჩვენი იძულებით დაბარება ხალხთან პარლამენტის აღიარებისა და ლეგიტიმაციის არგუმენტად გამოიყენოს;
არ გამოცხადება გამოიყენოს ჩვენზე რეპრესიებისთვის და შექმნას ჩვენი სისხლის სამართლებრივი წესით დევნის ცრუ საფუძვლები, რისთვისაც რა თქმა უნდა მზად ვართ;
საზოგადოების ყურადღება მისივე შექმნილი კრიზისიდან და რეალური პრობლემებიდან სხვა მხარეს გადაიტანოს.
შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში!
რეჟიმის მიერ თვითმარქვია პარლამენტში შექმნილი „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ საგამოძიებო კომისიას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია, რადგან თავად პარლამენტი და ივანიშვილის რეჟიმი ხალხისა და ცივილიზებული ქვეყნების მიერ არალეგიტიმურად და უკანონოდ არის გამოცხადებული.
ივანიშვილს უნდა, თითქმის 20 წლის წინანდელ ამბებზე გვასაუბროს, როცა დღეს რუსთაველზე, მისივე ძალადობის შედეგად, ნაცემი და დაკავებულია ასობით უდანაშაულო მოქალაქე – ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
რეჟიმი იზოლირებული და სანქცირებულია!
მას არ აღიარებენ არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ახლა კი ცდილობს, პოლიტიკური დევნით, რეპრესიებით, ცრუ ბრალდებებითა და აბსურდული კომისიებით გადაფაროს საკუთარი მარცხი.
არ დავუშვებთ, რომ რეჟიმმა ტერორითა და რეპრესიებით ჩაახშოს პროტესტი და სამართალი! საქართველო გაიმარჯვებს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
გამოწვევა მიღებულია – ეს უმსგავსობა, ეს დანაშაული და ერთპარტიული განუკითხაობა, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა პუტინის სტილში მოაწყო, ამ ქვეყანაში უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კუპრაძის თქმითვე, ახლა დიდი გამოწვევაა ის, რომ „ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის სწორი პასუხების გაცემა შევძლოთ“.
„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სახელით მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და ვამბობთ – გამოწვევა მიღებულია. ეს გამოწვევა კოალიციამ და მისმა ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სრულად მიიღეს მაშინ, როდესაც გაბედულად თქვეს, რომ არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტს, გაყალბებული არჩევნებისა და მიტაცებული კონსტიტუციის, ძალაუფლების შედეგად შექმნილ ერთპარტიულ ბანდას, რომელიც არ წარმოადგენს საგამოძიებო კომისიას. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილს დღეს ეშინია მთავარი ოპონენტის – ძლიერი კოალიციის, რომელსაც „ძლიერი საქართველო“ ჰქვია და ის შედგება იმ ადამიანების სახით, რომელსაც თქვენ ხედავთ.
ჩვენთვის მთავარი მიზანი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ. რამდენი პოლიტპატიმარიც არ უნდა დაემატოს ამ სიას, ჩვენ ამ ორ მთავარ მოთხოვნას არ გადავუხვევთ. დავრჩებით ერთგული საქართველოს მოქალაქეების მთავარი მორალური ღერძისადმი, რაც არის სამართლიანობა, დემოკრატია და საქართველოს კონსტიტუციის დაცვა. ეს საკუთარ თავში გულისხმობს ევროინტეგრაციასა და ევროპულ მომავალს. ჩვენთვის ახლა დიდი გამოწვევაა ის, რომ შევძლოთ სწორი პასუხების გაცემა ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის. ჩვენ გადავედით იმ რეჟიმზე, სადაც ჩვენი თითოეული რაიონული ორგანიზაცია მზადაა, წინააღმდეგობაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. ჩვენ გავგზავნეთ პირველი გზავნილები ჩვენს საგარეო პარტნიორებთან. ეს უმსგავსობა, ეს დანაშაული და ერთპარტიული განუკითხაობა, რომელიც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა პუტინის სტილში მოაწყო, ამ ქვეყანაში უპასუხოდ არ დარჩება. ერთიანი, ძლიერი საქართველო დღეს თქვენს წინაშე დგას და ჩვენ ერთობლივად ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მუქარების, ციხის, რეპრესიების არავის ეშინია! – თუ თქვენი გათვლა იმაზეა, რომ გავტყდებით და შევშინდებით, სხვა მისამართზე მოხვდით, ჩემო ბატონო – თქვენ შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ „ძლიერ საქართველოში“ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებას ხედავს და მმართველი პარტიის წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებით ამიტომ იმუქრებიან.
„13 წელია, ეს ხალხი ხელისუფლებაშია და ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე, რაღაცები მომხდარა 13-15-17 წლის წინ. რა თქმა უნდა, სამართალთან, რამის გულწრფელად გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. უბრალოდ, ახალი შაპიტო მოიფიქრეს და იმ ცირკში და შაპიტოში გვეპატიჟებიან, რომ მონაწილეობა მივიღოთ, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუ რამის გამოძიება უნდათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას” და ღმერთმა უწყის რამდენი ათეული მილიონი გადაურიცხა, 7 ნოემბრის დარბევის შემდეგაც რომ აფინანსებდა, ეს გამოიძიეთ, თუ მაგრები ხართ. რა თქმა უნდა, არაფრის გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. ჩვენს კოალიციაში ხედავენ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებას. რა მოგვიხერხონ არ იციან და ახლა ასე გვემუქრებიან, რომ დააპატიმრებენ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს. ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ ამ მუქარების არავის ეშინია. არც ციხის გვეშინია, არც დაპატიმრების მუქარის და არც იმ რეპრესიების, რაც ჩვენს წინააღმდეგ არის გაჩაღებული, ან რა რეპრესიების გატარებასაც გეგმავთ. ასე რომ, თუ თქვენი გათვლა იმაზეა, რომ გავტყდებით, გავიბზარებით და შევშინდებით, იქ ვერ მოხვდით ჩემო ბატონო, სხვა მისამართზე მოხვდით. თქვენ შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მივიდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ „ცირკში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა. კომისია პროკურატურისთვის მიმართვის საკითხზე იმსჯელებს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც.