საგანგებო რეჟიმის დარღვევის 114 ახალი ფაქტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 114 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 29 აპრილის 21 საათიდან 30 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააჯარიმეს. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 29 მოქალაქე დააჯარიმეს.
“პოლიცია განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 8 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას: ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, – 15 000 ლარით”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.