საგანგებო შეზღუდვების დარღვევის 69 ახალი ფაქტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 69 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პოლიციამ, 8 მაისის 21 საათიდან 9 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 55 მოქალაქე დააჯარიმა, ხოლო საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 12 მოქალაქე დააჯარიმეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 2 პირი დააჯარიმეს.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, – 15 000 ლარით.