საგაზაფხულო სამუშაოები – გლეხებს კვლავ უჭირთ
კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე ფერმერები მიწას ამუშავებენ, რის შემდეგაც უკვე მარცვლეულ და სხვა ერთწლიან კულტურებს დათესავენ. რა პრეტენზიები აქვთ გლეხებს სახელმწიფო პროგრამის მიმართ და რატომ ვერ ყიდიან მოწეულ მოსავალს კარგ ფასში?
კახეთში მიწის დამუშავება დაიწყო, თუმცა მცირემიწიან ფერმერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფო პროგრამა ხარვეზებით მიმდინარეობს. ადგილობრივებმა, რომლებმაც ნიადაგის ხვნის ბარათები უკვე მიიღეს ამბობენ, რომ ტექნიკა ნიადაგს უხარისხოდ ამუშავებს. მათივე თქმით, თანხა, რომელიც სახელმწიფომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობისთვის გამოყო, საკმარისი არ არის:
„ეს თანხა ისევ ვალში მიდის, არ ყოფნის არაფერს, ზღვაში წვეთია…
„4-5 ტომარა გვარჯილა და 140 ლარი ხვნის ფული, სულ ეს არის. კულტივაციის და საწვავის ფული მაინც არ გვაქვს“.
„ხნავენ, მაგრამ უხარისხოდ. ერთი პატარა მიწა მაქვს და რომ შემოხვიდეთ, ნახავთ, ნაწილი დაუმუშავებელია“.
საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას ვერ ახერხებენ სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერები სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ირინა ფხოველიშვილი ამბობს, რომ ფერმერთათვის სახელმწიფოს მიწის გადასახადი უნდა მოეხსნა და საბანკო ვალდებულებები გადაევადებინა. ფხოველიშვილის თქმით, ზარალი, რომელიც ფერმერთა დიდმა ნაწილმა გვალვისგან მიიღო, დღემდე აუნაზღაურებელია, რაც მათ საქმიანობის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევს.
„ფერმერების ძალიან დიდმა ნაწილმა აიღო კრედიტი, რომ შეენარჩუნებინათ ის ერთადერთი შემოსავლის წყარო – მიწა. ამდენად, მომავალს ფერმერები შიშის თვალით უყრებენ“.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფერმერთა რიგებშია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელიც. დავით ჯანიკაშვილი ამბობს, რომ შარშან გვალვის შედეგად დაზარალებულმა ფერმერებმა ადგილობრივ თვითმმართველობას სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარუდგინეს – მაგალითად, რა ვადებში მოხდა მიწის დამუშავება და დათესვა. ამიტომ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელმწიფომ ვერ შეძლო.
„ფერმერებმა საკრებულოს შესაბამისი დოკუმენტაციები ვერ წარუდგინეს. მეც ფერმერი ვარ და მეც მათნაირად დავზარალდი, როგორც ჩემი მეგობარი ფერმერები“.
ფერმერთა კიდევ ერთი პრობლემა მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციაა. კიტრი, პომიდორი, სიმინდა და სხვა ერთწლიანი კულტურები ადგილობრივ ბაზარზე მიზერულ ფასებში იყიდება. ფერმერთა თქმით, მაგალითად, გასულ წელს 1 კილოგრამი კიტრის ფასი 6-დან 10 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. ფერმერები დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ.
„პრობლემა დიდია… შარშანდელი სიმინდი ხალხს კვლავ გასაყიდი აქვს“.
„ჩამოდიან გადამყიდველები და კაპიკებად ყიდულობენ პროდუქტს“.
„ძალიან გვიჭირს პოდუქტის გაყიდვა“.
მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით ის ფერმერები სარგებლობენ, რომელთა საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაშია სახნავი მიწის ჯამური ფართობი 1 ჰექტარი და 25 მეასედი.