მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საჰაერო განგაში უკრაინის ტერიტორიებზე-რუსებმა უკრაინული დასახლებები დაბომბეს

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევის ოლქში, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული დასახლებების მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ამ წუთებში, რაკეტები სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით მოძრაობენ, თუმცა მათ კურსი შესაძლოა შეიცვალოს.

ამასთან უკრაინული მედია იუწყება, რომ რამდენიმე რაკეტა დნეპროპეტროვსკის რეგიონისკენ მიფრინავს. გაისმა აფეთქებების ხმა ხმელნიცკის ოლქში, სტაროკონსტანტინოვკის რაიონში, სადაც უკრაინის საჰაერო ძალების ერთ-ერთი აეროდრომი მდებარეობს.

შუაღამის შემდეგ, უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით შეტევა იყო ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის და ხმელნიცკის ოლქებზე. ე.წ. კამიკაძე დრონების სამიზნე კვლავ რეგიონებში მდებარე პორტები იყო.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ოდესის და ნიკოლაევის ოლქების მიმართულებით დაფიქსირებული იყო 24 ე.წ. დამრტყმელი დრონი, რომელთაგან 18 გაანადგურეს.

სარდლობის ცნობითვე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 17 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს დნეპროპეტროვსკის, პოლტავის და ხმელნიცკის ოლქების მიმართულებით. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ყველა რუსული რაკეტა განადგურებულია.

ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სნიგირევის რაიონში ხანძარი გაუჩნდა 2-სართულიან შენობას და დაზიანდა ახლომდებარე სახლები. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ნიკოპოლის მახლობლად დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო და 5 კერძო სახლი. მსხვერპლი არ არის.

საარტილერიო შეტევა იყო ხერსონის ოლქზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაიღუპა 2 და დაიჭრა 4 ადამიანი. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები და სამედიცინო პუნქტი.

17 სექტემბრის საღამოს ყირიმის ტელეგრამის არხებმა ცნობები გაავრცელეს ანექსირებული სევასტოპოლის ფიოლენტის კონცხის მიდამოში აფეთქებების შესახებ. მანამდე არსებული ინფორმაციით, იქ განთავსებულია რუსეთის სამხედრო რადიოდაზვერვისა და საჰაერო თავდაცვის ნაწილები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დრონები ჩამოყარეს.
აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ როგორც პრორუსული, ასევე პროუკრაინული არხები. არხმა „კრიმსკი ვეტერმა“ გაავრცელა ინციდენტის სავარაუდო შედეგების ფოტო, რომელზეც ჩანს კვამლი და განათებული ცა – სავარაუდოდ ხანძრისგან. არხი ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ზოგიერთ რაიონში დამწვრის სუნის შესახებაც წერს.
სევასტოპოლის გუბერნატორმა, რუსეთის მიერ დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ საუბარია “კვამლის ფარდაზე” შავი ზღვის ფლოტის გემების შენიღბვისთვის და ქალაქში “ყველაფერი მშვიდადაა”.
მოგვიანებით მან დაწერა, რომ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები ფერმაში დაეცა და არავინ დაშავებულა.
წყარომ უკრაინის დაზვერვაში „უკრაინსკაია პრავდას უთხრა,“ რომ სევასტოპოლში აფეთქებები უკრაინის საზღვაო ძალების და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს “გეგმური მუშაობის” შედეგი იყო. მას არ დაუზუსტებია, რა იყო მიზანი.
სევასტოპოლში მომხდარი დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია.
ამ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა რამდენიმე დარტყმა მიაყენეს სამხედრო ობიექტებს ანექსირებულ ყირიმში. 14 სექტემბრის ღამეს ევპატორიის მიდამოებში, სავარაუდოდ, დაზიანდა ან განადგურდა “S-400 ტრიუმფის” ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ხოლო ერთი დღით ადრე, სევასტოპოლში გემის სარემონტო ქარხანაზე თავდასხმის შედეგად, სერიოზულად დაზიანდა ორი რუსული ხომალდი.

მსგავსი პოსტები

Back to top button