საია ოქროპირიძის საქმეზე პრემიერს და პროკურატურას მიმართავს
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” პრემიერს მიმართავს და მოუწოდებს გიორგი ოქროპირიძის საქმეზე პატივი სცეს უდანაშაულობის პრეზუმპციას. აღნიშნული განცხადება საიამ დღეს გაავრცელა.
პროკურატურის თანმდევი მოქმედებები, სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ უწყების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აღსანიშნავია, რომ პრემიერის განცხადებას უმალვე მოჰყვა პროკურატურის მხრიდან ოქროპირიძისათვის ახალი ბრალის წაყენება ცრუ დასმენის მოტივით, იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მის მიმართ სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ფაქტს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურა უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს გ.ოქროპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ოქროპირიძეს სხვა საქმესთან დაკავშირებით შეფარდებული პატიმრობის ვადა 11 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ეჭვს იწვევს ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე ახალი ბრალის წაყენება და მის საფუძველზე პატიმრობის კვლავ შეფარდების მოთხოვნის დაყენება პროკურატურის მხრიდან.”
“მრგვალ ბაღში წყდება, ვინ უნდა გაუშვან და ვინ – არა, ჩემი პატიმრობა პრემიერმა მოითხოვა,” – ეს განცხადება ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ გააკეთა.
გიორგი ოქროპირიძეს სასამართლომ სხვა საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
“პრემიერ მინისტრი გამოვიდა და დაავალა მათ, რომ მე საპატიმრო არ დამეტოვებინა. მან თავის განცხადებაში თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ მე ციხიდან არ გამოვსულიყავი. ესეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. საქართველოს მართლმსაჯულება თურმე წყდება მრგვალ ბაღში, იქ იღებენ როგორც ჩანს გადაწყვეტილებას ვინ გაუშვან და ვინ დაიჭირონ,” – აცხადებს ბრალდებული.
4 ივნისს, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა 11 საათი მიმდინარეობდა. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმის სიტყვით წარმოთქმის შემდეგ, საბოლოო, შემაჯამებელი სიტყვით ნაფიც მსაჯულებს მიმართა ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ. ოქროპირიძემ განაცხადა, რომ მას მახარაძე არ მოუკლავს და ნაფიც მსაჯულებს მიმართა თხოვნით, რომ ის უდანაშაულოდ ეცნოთ, თუმცა მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს, რასაც პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც მოჰყვა.
“რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ.” – საია მიიჩნევს, რომ ამ განცხადებით პრემიერმა დაარღვია გიორგი ოქროპირიძის უდანაშაულობის პრეზუმპცია, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.
არასამთავრობოების განცხადებებს დღეს გარდაცვლილი ლაშა მახარაძის დედა გამოეხმაურა. “არასამთავრობოებმა მოუხადონ ბოდიში ღარიბაშვილს,”- ეს განცხადება ნინო დიდებულიძემ საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა. დიდებულიძე ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კანონი არ დაურღვევვია.
“არ უნდა მოხდეს მისი ციხიდან გამოშვება. იმედია სამართლიანი მოსამართლეა, ვიცნობ მე მას. აგრეთვე მინდა მოვუწოდო არასამთავრობოებს, ნუ შეყავთ ხალხი შეცდომაში. ღარიბაშვილს მოუდახდონ ბოდიში, მას კანონი არ დაურღვევია და არც მოსამართლის გვარი დაუსახელებია. მე ვამბობ, რომ ოქროპირიძე არ უნდა გამოუშვან,” – განაცხადა ნინო დიდებულიძემ.
მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ამ საქმეზე 9-თვიანი პატიმრობის ვადა 2015 წლის 11 ივნისს ეწურება.